კახა კალაძე: თბილისში მიკროავტობუსებს ორი ახალი მარშრუტი დაემატებათ

თბილისში მიკროავტობუსებს ორი ახალი მარშრუტი დაემატებათ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლებიც მოსახლეობის სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ახალი მარშრუტების დამატებას ეხება.
“ჯერ კიდევ რჩება ისეთი რაიონები, ქუჩები, უბნები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან არ მოძრაობს, ან მოცდის ინტერვალი არის ძალიან დიდი. თბილისში მიკროავტობუსებს ორი ახალი მარშრუტი დაემატება. N54 – ყოფილი N13 მარშრუტის ანალოგიურია, რომლის ამოქმედებაც დიდი დიღმის მოსახლეობის მრავალჯერადი თხოვნის საფუძველზე გადაწყდა. N54 ავტობუსი მოძრაობას დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან დაიწყებს (ახალი ავტობაზის ტერიტორია), გაივლის პეტრე იბერისა და იოანე პეტრიწის ქუჩებს და ფარნავაზ მეფის გამზირიდან დავით აღმაშენებლის ხეივანსა და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. შემდეგ, იგი ჟვანიას მოედანზე აუხვევს, გაივლის ვაჟა-ფშაველას გამზირსა და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩებს და მოძრაობას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან დაასრულებს.
ყოფილი ხილიანის ქუჩაზე დღემდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა. N64 მიკროავტობუსის მარშრუტი მგზავრებს ჩიქოვანისა და რამიშვილის ქუჩებიდან ჯერ კოსტავას ქუჩაზე ჩაიყვანს, შემდეგ ვარაზისხევიდან მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირებს დაუკავშირდება, გაივლის პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს და მოძრაობას ორბელიანის მოედანზე დაასრულებს.
N82 მარშრუტს, რომელიც სოფელი ახალდაბიდან წყნეთის, ბაგებისა და ვაკის გავლით ვაჟა-ფშაველამდე მოძრაობს, ერთი ავტობუსი დაემატება. შედეგად, ავტობუსებს შორის ინტერვალი ორი საათიდან ერთ საათამდე შემცირდება”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები