რა მიმართულებით გადაიდგა მერიაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები – კალაძემ თვენახევრის განმავლობაში შესრულებული სამუშაოები შეაჯამა

კახა კალაძემ მერიის მიერ თვენახევრის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები შეაჯამა – რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
მერიამ რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა -ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის 2017 წლის ბოლო სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერმა ბოლო თვენახევრის განმავლობაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები შეაჯამა:
„დავიწყეთ სტრუქტურული რეფორმა, რომლის მიზანიც ბიუროკრატიის შემცირება და ეფექტური, მოქნილი მმართველობის განხორციელებაა“, – განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ ამ მიზნით, თბილისის მთავრობის მიერ შექმნილი 19 კომისია გაუქმდა. კონკრეტულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს კი, მერიის შესაბამისი სამსახურები და დაქვემდებარებული უწყებები გაცილებით ნაკლებ დროში და უფრო ეფექტურად მიიღებენ.
კახა კალაძემ დაწყებული პროექტებიდან ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია გამოყო და აღნიშნა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენდება ავტოსადგომი, მოეწყობა საფეხმავლო ქუჩები და დაიწყება უნიკალური შენობა-ნაგებობების რესტავრაცია-გამაგრება.
„აღნიშნული პროექტის განხორციელება დაახლოებით, 52 მილიონი ლარი ჯდება და 2 000 ადამიანი იქნება დასაქმებული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა, რომლებიც იქ წლებია ცხოვრობენ, თავი კომფორტულად იგრძნონ და რაც მთავარია, უსაფრთხოდ. იცით, რომ იქ არსებული შენობა-ნაგებობების მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა და რეაბილიტაციის შემდეგ, ჩვენს დედაქალაქში ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება “, – განაცხადა კახა კალაძემ და თბილისის განვითარების ფონდს, რომელიც ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციას ახორციელებს, მადლობა გადაუხადა.
დედაქალაქის მერმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ყურადღება უკანონო მშენებლობებისა და სამშენებლო ნორმების გამკაცრების საკითხზეც გაამახვილა.
მისი თქმით, ქალაქში უკანონო მშენებლობის უამრავი ფაქტი ფიქსირდება, რომელთა მესაკუთრეებს ზედამხედველობის სამსახურმა გარკვეული ვადა მისცა, რათა უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდეს.
„ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ზედამხედველობის სამსახურის მიერ, სხვადასხვა მიმართულებით 216 მითითება გაიცა, რომელიც უსაფრთხოების ნორმებს, ასევე უკანონო და პროექტის დარღვევით მშენებლობებს ეხება. რაც შეეხება სახელმწიფო მიწაზე უნებართვო მშენებლობებს, მიზანმიმართულად ხდება მიწების დატაცება. დაახლოებით, 500-მდე ასეთი ობიექტია გამოვლენილი და ამათგან წარმოება დაწყებულია 270 ობიექტზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება სამშენებლო უსაფრთხოებას, როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სამშენებლო მოედნებზე, სატვირთო მანქანების გამოსვლის დროს, ქუჩების დაბინძურების ფაქტები ხშირია. კახა კალაძის განცხადებით, სპეციალური მოსარეცხი ადგილები უნდა მოეწყოს იმისთვის, რომ სამშენებლო მოედნიდან გამოსულმა მანქანებმა ქალაქი არ დააბინძურონ.
„შესაბამისად, არც ერთი სამშენებლო ნებართვა არ უნდა გაიცეს, სადაც ასეთი ჩამოსარეცხი არ იქნება მოწყობილი იმ მშენებლობებზე, სადაც მშენებლობა უკვე დაწყებულია. დაავალდებულეთ, რომ ეს მოედნები შესაბამისად მოეწყოს. ეს ქალაქი ყველასია და ყველამ უნდა ვიზრუნოთ მის სისუფთავესა და მოვლაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, 132 ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართები. მისივე თქმით, დღეს კიდევ 35 ოჯახს გადაეცემა ფართები წყნეთში.
რაც შეეხება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, კალაძის განცხადებით, ამ კუთხით უკვე დაწყებულია სამართლებრივი ცვლილებების მომზდება, რომელიც მწვანე ნარგავების ჭრის საკომპენსაციო თანხების გაზრდას ეხება. ასევე, სამშენებლო კომპანიებს დაეკისრებათ ვალდებულება ნარგავების გადარგვისა და მოვლა-პატრონობის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები