“მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის სავალდებულობა სოციალური რისკების დარეგულირებას შეუწყობს ხელს”

მიდგომა რომ სახელმწიფომ აიძულოს მოსახლეობა ან ბიზნესი, მოუაროს თავის ქონებას ან/და სხვა რისკებს, მართლაც თითზე ჩამოსათვლელ ქვეყნებშია. ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გაზეთ „ბანკები და ფინანსებთან“ საბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიო სტანდარტია, რომ ბიზნესს და მოსახლეობას არ აიძულებენ რაიმე რისკის დაზღვევას პირად ქონებასთან მიმართებით.
„რადიკალურად იცვლება მიდგომა, როცა საქმე ეხება მესამე პირის მიმართ არსებულ რისკებს. მთელ განვითარებულ სამყაროში ფართოდ არის გავრცელებული პასუხისმგებლობის დაზღვევის სავალდებულობა. მიმაჩნია, რომ საქართველოც ამ გზით უნდა განვითარდეს.
მაგალითად, როცა ვსაუბრობთ ავტო-მოტო მფლობელთა მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, სურათი რომ ნათლად დავინახოთ, უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს საქართველოში რეგისტრირებულია 1 200 000 სატრანსპორტო საშუალება. ამას ემატება ტრანზიტულად და ტურისტულად წლის განმავლობაში შემომსვლელი ტრანსპორტის სოლიდური ნაკადიც (500 000 ავტომობილამდე). და ამ მოცულობიდან მესამე პირის მიმართ დაზღვეული არის სულ რაღაც 70 000 ერთეული ტრანსპორტი, ანუ საშუალოდ ბაზრის 4 %.
პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოტანით უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ 1 200 000 ავტომფლობელი და ასევე 500 000-მდე უცხოური სანომრე ნიშნით მოძრავი ტრანსპორტის მფლობელი, იწყებს ურთიერთობას სადაზღვეო კომპანიებთან. დანარჩენი ეს უკვე სადაზღვევო ბიზნესის გაყიდვების ტექნიკაზეა. მათზეა დამოკიდებული, რამდენად სწორ პროდუქტს შესთავაზებენ მომხმარებელს. შეიძლება ეს იყოს დაჯგუფებული პროდუქტი – ერთ პაკეტში ჩასმული კასკო პლუს პასუხისმგებლობის დაზღვევა და დანარჩენი უკვე ავტომატურად გაყვება ჯვარედინი გაყიდვების პრინციპს“ -აცხადებს სულამანიძე.
მისი თქმით, 2018 2ლიდან ანალოგიური პრინციპი იმუშავებს მესამე პირთა მიმართ ქონების დაზღვევის კუთხითაც. „ვგულისხმობ ბაზრობებისა და შოპინგცენტრების მფლობელთა სავალდებულო დაზღვევას მესამე პირთა ქონების მიმართ. აქ იქნება საუბარი გარკვეულ ლიმიტზე, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება მოვაჭრე მცირე მეწარმის ქონება, სასაქონლო ნაშთი, ისეთი რისკებისგან, როგორიცაა ხანძარი, კონსტრუქციის ჩამოქცევა, თუ სხვა მსგავსი შემთხვევები. ლიმიტს ზემოთ დაზღვევის სურვილისას უკვე თავად მან უნდა იზრუნოს საკუთარი საქონლის დაზღვევაზე. გარწმუნებთ, სადაზღვევო კომპანიები თავიანთი მარკეტინგული ამოცანების შესაბამისად, თავს არ დაზოგავენ მათ გასათვითცნობიერებლად და დამატებითი პროდუქტების შესათავაზებლად.
თუ ვის, ბიზნესის რა სახეობებს შეეხება მესამე პირის წინაშე ქონების სავალდებულო დაზღვევა, ეს ჩამონათვალი დაზუსტდება მთავრობის კონკრეტული დადგენილებით. თუმცა, ჩვენი მონახაზით, აქ უნდა იყოს ბაზრობები, სავაჭრო ცენტრები, ავტო და გაზ გასამართი სადგურები და ასევე ჩვენ მოვიაზრებთ სასტუმროებსაც“. შესაბამისად, მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის სავალდებულობა სოციალური რისკების დარეგულირებას შეუწყობს ხელს“, – ამბობს კონსტანტინე სულამანიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები