მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ სპორტის ხელმისაწვდომობას და მასობრივ სპორტს ავიყვანთ მაღალ დონეზე

„გუშინდელი სხდომის შემდეგ, ვარ კმაყოფილი და სპორტის კომიტეტის და მისი უმრავლესობის სახელით გიცხადებთ ნდობას”, – ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ბოლო 5 წლის მანძილზე, სპორტის მდგომარეობასა და მისი ყველა პარამეტრით სტატისტიკური მაჩვენებლის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ჩემპიონი ამ პატარა ქვეყანაში, ძალიან ბევრი მაგარი სპორტსმენი და ეს არის აღსანიშნავი. ბოლო 5 წლის მანძილზე სპორტის მდგომარეობა, მისი სტატისტიკური მაჩვენებელი ყველა პარამეტრით იზრდება.

ეს ეხება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, მაღალ მიღწევებს და მასობრიობის ზრდას ამ თვალსაზრისით”, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ სპორტის სამყაროს მიერ სამინისტროების გაერთიანებასთან დაკავშირებით არსებულ პოზიციებზეც ისაუბრა.

„სამინისტროების გაერთიანებას მოჰყვა ვნებათაღელვა. სპორტის სამყაროს წარმომადგენლებს ჰქონდათ ცუდი მოლოდინები და გუშინდელმა დღემ, მე და ჩემი კოლეგები კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ საგანგაშო არაფერია.

მინისტრების გამოსვლების შემდეგ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ რაც სპორტის მიმართულებით კეთდებოდა კიდევ მეტი ძალისხმევით გაკეთდება”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

დარგში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას მიხეილ ყაველაშვილმა მთავარ გამოწვევად მოსახლეობისთვის სპორტის ხელმისაწვდომობა დაასახელა.

„დღეს შეგვიძლია ამ გამოწვევების მიმართ დავიწყოთ ქმედითი სამუშაოები. ჩვენ უნდა გავხადოთ ჩვენი მოქალაქეებისათვის სპორტი ხელმისაწვდომი. ეს არის ჩვენი ვალდებულება, და კომიტეტის წევრებთან და მინისტრებთან ერთად ამ გამოწვევებს გადავჭრით. ჩვენ სპორტის ხელმისაწვდომობას და მასობრივ სპორტს ავიყვანთ მაღალ დონეზე”, – განაცხადა ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები