გიორგი კვირიკაშვილმა და მინისტრობის კანდიდატებმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს

გიორგი კვირიკაშვილმა და მინისტრობის კანდიდატებმა კომპეტენციების მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრთა შეკითხვებს უპასუხეს და რიგ საკითხებზე დამატებითი განმარტებები გააკეთეს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, სერგო რატიანის კითხვის საპასუხოდ, რომელიც პედაგოგების ხელფასების ზრდას ეხებოდა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ დაპირება ეხებოდა სტატუსის დანამატის მქონე პედაგოგებს. დღევანდელი მდგომარეობით, სქემის მიხედვით, დამატებას დაახლოებით 19 ათასამდე მასწავლებელი იღებს, მათგან 60 % იღებს სრულ დანამატს, რაც ხელფასთან ერთად, 1000 ლარს უახლოვდება. მისივე თქმით, მთავრობისა და საპარლამენტო გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილებით, განათლების ბიუჯეტი ყოველწლიურად გაიზრდება. სტატუს შეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ფინანსური პრობლემების გამო სტატუსი სტუდენტთა მხოლოდ მცირე რაოდენობას აქვს შეჩერებული. უმრავლეს შემთხვევაში სტატუსის შეჩერება სხვა პრობლემებს, მათ შორის, მათი მხრიდან, სახელმწიფო გრანტის გაზრდის ან ფაკულტეტის შეცვლის სურვილს უკავშირდება.

პრემიერობის კანდიდატმა მზადყოფნა გამოთქვა განიხილოს საკითხი, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებისთვის მოგების გადასახადის მოხსნასთან დაკავშირებით.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის პასუხად, გიორგი კვირიკაშვილმა დაადასტურა, რომ გადასახადების შემცირება ეკონომიკურ ზრდას ემსახურება. თუმცა, მისი განცხადებით, აქციზის გადასახადის მომატებით, მოხმარება დაიბეგრა მეტად და შესაბამისად ამან ინფლაციის დონეზე იმოქმედა. „ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ ეს იყო გადაწყვეტილება, რომლის მიღების გარეშეც ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით და ის, რომ ჩვენ 500 მილიონი ლარი დავზოგეთ წელს, და მივმართეთ ინვესტიციებში, ეს არ არაის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი იყო არაპირდაპირი დაბეგვრების კუთხით საგადასახადო ლიბერალიზაცია, რამაც დიდი გავლენა იქონია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაზე. ეს იყო სწორი და დროული გადაწყვეტილება, რომლის შედეგები ჯერ კიდევ წინაა”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, უმუშევრობის მაჩვენებლებთან დაკავშირებით კი, მონაცემები 2018 წლიდან ყოველ კვარტალურად გამოქვეყნდება.
პრემიერობის კანდიდატმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნის განვითარებაში ახალი ეტაპი იწყება, რომელსაც საპარლამენტო გუნდისა და მთავრობის მეტი ჩართულობა და თანამშრომლობა განაპირობებს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ლაშა დამენიას შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც სოფლის მხარდამჭერ პროგრამას ეხებოდა, გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, რომ რესურსი, რომელიც ამ მიმართულებით იყო გამოყოფილი, ხშირ შემთხვევაში ხმარდებოდა მცირე პროექტებს და შედეგების გარეშე იხარჯებოდა. შესაბამისად, ვერ ხერხდებოდა სოფლებში არსებული პრობლემების გადაწყვეტა. მომხსენებლის განცხადებით, დღეს, რეგიონული პროექტების დაფინანსება, საერთო ჯამში არის გაზრდილი და ის რესურსი, რაც ამ პროგრამის ფარგლებში იხარჯებოდა, სხვა პროექტებშია გადანაწილებული. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამზადებს სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ახალ მოდელს, რომელიც 2018 წლის განმავლობაში დაიხვეწება და განახლებული სახით 2019 წლიდან ამოქმედდება.

„მეტი გვაქვს გასაკეთებელი ამ მიმართულებით. მე მზად ვარ, თქვენი და ჩვენი კოლეგების ჩართულობით განვიხილოთ სპეციალური პროგრამები, რომელიც მორგებული იქნება იმ ადამიანებზე, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა დატოვეს. მათი დაბრუნება ჩვენთვის პრიორიტეტია”,- ასე უპასუხა პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილის შეკითხვას, რომელიც უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში ჩართულობას შეეხებოდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ გარკვეული მექანიზმებია შემოსაღები, რომ პენსიის წინასწარ აღების შემთხვევაში პროცენტი არაადეკვატურად მაღალი არ იყოს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული საკითხი მთავრობამ საპარლამენტო გუნდთან ერთად განიხილა. მისი თქმით, გარკვეული მექანიზმებია შემოსაღები, იმისათვის, რომ პენსიონერს, რომელიც საკუთარი პენსიის უზრუნველყოფით იღებს სესხს, არ ჰქონდეს არაადეკვატურად მაღალი საპროცენტო განაკვეთი. „ალბათ გარკვეული რეგულაციები იქნება საჭირო და ჩვენ სიამოვნებით განვიხილავთ ამ ინიციატივებს”. – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „ევროპული საქართველოს” წევრის, გიორგი კანდელაკის შეკითხვას, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციისთვის ხმის მიცემის უფლების აღდგენის თაობაზე, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჯანელიძემ უპასუხა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხებს არა მინისტრთა კომიტეტი, არამედ საპარლამენტო ასამბლეა განიხილავს. „ჩვენს ელჩს აქვს ძალიან მკაფიო ინსტრუქცია, იმოქმედოს ევროპის საბჭოს პრინციპებისა და ეროვნული ინტერესების შესაბამისად. რაც შეეხება კონკრეტულად მინისტრთა კომიტეტის განხილვებს, მინდა მოგახსენოთ, რომ ეს ინფორმაცია, რომელიც თქვენ გააჟღერეთ, არის მცდარი ინფორმაცია, რადგან რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხმის აღდგენის საკითხი არ წარმოადგენს მინისტრთა კომიტეტის კომპეტენციას. შესაბამისად, მისი განხილვა ამ ფორმატში ვერ მოხდებოდა ვერანაირად”,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ინიციატივას „ტყის კოდექსის” შესახებ შეეხებოდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია გაჩეჩილაძის შეკითხვა, რომლის საპასუხოდ, გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, რომ საჯარო განხილვები დასრულებულია და „ტყის კოდექსი” უკვე მზადაა. მისი თქმით, კოდექსში არის ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლითაც აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში დამოკიდებულება თვისობრივად იცვლება. კოდექსი რეგულაციების კონტროლის გამკაცრებასაც ითვალისწინებს.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატი, მიხეილ გიორგაძე გამოეხმაურა, საპარლამენტო უმცირესობის წევრს, აკაკი ბობოხიძეს, რომელმაც პრემიერობის კანდიდატს დადიანების ტყე-პარკის და მიმდებარე ტერიტორიის აღდგენაზე მუშაობის დაწყების თხოვნით მიმართა. მიხეილ გიორგაძის ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო დადიანების ტყე-პარკის რეაბილიტაციის პროექტს უახლოეს პერიოდში წარმოადგენს, ხოლო შემდგომ მისი საჯარო განხილვაც გაიმართება.

„გვაქვს ყოვლისმომცველი გეგმა, რომელიც არის ფართო და დატვირთული, გეგმა, რომელიც ცდება ასოცირების ფარგლებს”, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ხატიძის შეკითხვის საპასუხოდ, გიორგი კვირიკაშვილმა. გეგმის დეტალები კი პარლამენტის წევრებს, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჯენელიძემ გააცნო.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მერაბ ქვარაიამ შეკითხვა, ანაკლიის პორტის სამუშაოების დაწყების თარიღთან დაკავშირებით დასვა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება და მასში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. საინვესტიციო კონსორციუმს, რომელიც ამ პროექტს ახორციელებს, აქვს გეგმა, რომ ადგილზე გააკეთოს პროფესიული სასწავლებელი, სადაც, დროის მოკლე პერიოდში სპეციალურად მომზადდება ადგილობრივი კადრები, იმისთვის, რომ ანაკლიის მშენებლობის პროექტში დასაქმდნენ”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

„ქუთაისში ძალიან ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, ხოლო საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაო ჩატარდა. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი პირველ სტუდენტებს 2019 წლიდან მიიღებს,”-ასე უპასუხა გიორგი კვირიკაშვილმა რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრების შეკითხვებს. მისი განცხადებით, გამოცხადდა საერთაშორისო კონკურსი და შეირჩა მიუნხენის უნივერსიტეტი, რომელიც ამ უნივერსიტეტის მთავარი პარტნიორი იქნება.

საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რეფორმებთან დაკავშირებით, შეკითხვის ავტორს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ბექა ოდიშარიას, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ უპასუხა. მისი განცხადებით, საპატრულო და კრიმინალურ პოლიციაში და მთლიანად უწყებაში ოპტიმიზაციის პროცესი, რომლის მიზანი უწყების ეფექტურობის გაზრდაა, აქტიურად მიმდინარეობს. ოპტიმიზაცია სამოქალაქო თანამდებობებიდან რესურსების საპოლიციო დანაყოფებზე გადატანას ითვალისწინებს. მინისტრობის კანდიდატის თქმით, ეს დანაყოფები იქნება ყურადღების ცენტრში და მათი შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული იქნება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის შეკითხვასთან დაკავშირებით, რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებით, პრემიერობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს საკითხი მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მას შემდეგ, რაც მთავრობის ოპტიმიზაციის შესახებ გაცხადდა, ძალიან ბევრი კითხვა ისმის. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ვიდრე ახლად დანიშნული მინისტრი უწყებას ფუნქციონალურად არ გაივლის, კონკრეტულ გეგმებზე საუბარი არასერიოზულია. მან განცხადება იმასთან დაკავშირებითაც გაკეთა, არის თუ არა შესაძლებელი მთავრობის გაერთიანებული კაბინეტის ერთ რომელიმე შენობაში გადასვლა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს საკითხი შესაძლოა განხილვის საგანი გახდეს.

„საპატრულო პოლიცია მანდატურებს გარე პერიმეტრის პატრულირების საქმეში დაეხმარება”, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა მანდატურის სამსახურის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მჭიდრო თანამშროლობა შედგა. რაც შეეხება ბულინგის და ზოგადად, ძალადობის საკითხების გადაწყვეტას სკოლებში, მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ეს ძალიან სიღრმისეული საკითხია და ძალისმიერი მეთოდებით ამ პრობლემატიკის მოგვარება შეუძლებელია. მიხეილ ჩხენკელმა სკოლებში არსებული პრობლემატიკის დასაძლევად, ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე და ფსიქოლოგების სერვისის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

საოკუპაციო ხაზის მიღმა ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დარღვევებს შეეხებოდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის შეკითხვა, რომლის საპასუხოდ, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს და ხელისუფლება ყველა საერთაშირისო ფორმატში ამ საკითხზე ხმამაღლა საუბრობს. თუმცა, მისი განცხადებით სიტუაცია მნიშვნელოვნად ვერ იცვლება. მდგომარეობა გადასასვლელი პუნქტების დაკეტვამაც გაართულა. „გვაქვს გარკვეული ინსტრუმენტები და პროექტები. დარწმუნებული ვარ რომ ეს პროექტები არამარტო ეთნიკური ქართველებისთვის მოიტანს შვებას”-განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა. მისი თქმით იმედია, რომ ამ საკითხების განხილვისას არ მოხდება თემის პოლიტიზირება და იქმნება მაქსიმალური ერთობა.

გიორგი კვირიკაშვილმა და მინისტრობის კანდიდატებმა ასევე უპასუხეს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს ჟენევის ფორმატის ეფექტურობასთან, თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებთან, სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებთან და ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებებთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ამომწურავი პასუხები გასცა შეკითხვებს, საგადასახადო სისტემის ადმინისტრირების, დღგ-ს ავტომატურად დაბრუნების სისტემის ამოქმედების, ეკონომიკური დანაშაულის ლიბერალიზაციის კუთხით განხორციელებული ცვლილებების და გეგმების შესახებ. გიორგი კვირიკაშვილმა, ასევე, საბავშვო ბაღებში არსებული გადასახადების პოლიტიკის გადახედვაზე, მთავრობის ხედვებზე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საპრევენციო ღონისძიებებზე ისაუბრა.

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის შეკითხვის საპასუხოდ, კი, რომელიც გლობალური და რეგიონული გამოწვევების ფონზე საქართველოს სტრატეგიულ ხაზს შეეხებოდა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ 10 წელი შესრულდა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებიდან და საჭიროა შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯები, რომელსაც ნატო საქართველოს მიმართ გადადგამს. მისი თქმით, საქართველო ემზადება ნატო-ს მომდევნო სამიტისთვის და პრემიერობის კანდიდატი იმედოვნებს, რომ ამ სამიტის დროს ქვეყნის მეთაურების დონეზე ნატო-საქართველოს საბჭოს მოწვევა მოხერხდება.

კითხვა-პასუხის რეჟიმის დასრულების შემდეგ, ტრიბუნა საპარლამენტო კომიტეტების, ფრაქციების, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს, დაეთმო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები