სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა.

ღონისძიება უნივერსიტეტის სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით მომზადდა (ხელმძღვანელი – გიორგი კუპატაძე) წინასაახალწლო კონცერტში მონაწილეობდნენ: სსუ ხალხური ცეკვების ანსამბლი „მირონი“(ხელმძღვანელი –  დავით ნადარეიშვილი), ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „სნო“ (ხელმძღვანელი – ქეთევან წიკლაური) და თეატრალური დასი „ამრა“ ( სამხატვრო ხელმძღვანელი, სსუ-ის სტუდენტი – ბელა უგრეხელიძე). კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა და სამი საათის განმავლობაში მაჟორული მუხტი არ დაკარგულა.

ანსამბლებმა შეასრულეს ყველასათვის საყვარელი მუსიკალური ნომრები, განსაკუთრებული იყო აფხაზური „ ვარადა“ მეგრული „აშო ჩელა“ , აფხაზური ცეკვა, ცეცხლოვანი ქართული ცეკვები.

თანამედროვე სიმღერებით სტუდენტები სოფო კუტალაძე და მარიამ ავალიშვილი წარსდგნენ. წლების განმავლობაში, ამ ანსამბლებმა სხვადასხვა კონკურსებში თუ ფესტივალებში მონაწილეობით, უნივერსიტეტს არაერთი წარმატება მოუტანა.

დღევანდელი წინასაახალწლო კონცერტი კი მათი ერთგვარი ანგარიშიც იყო. ეროვნულ კოსტუმებში გამოწყობილი სტუდენტების მიერ შესრულებულმა ცეცხლოვანმა ცეკვებმა და ხალხურმა სიმღერებმა, თანამედროვე სიმღერების რეპერტუარმა და თეატრალიზებულმა წარმოდგენამ დარბაზის აღფრთოვანება გამოიწვია.

კონცერტს უნივერსიტეტის სტუმარი, ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გიედრიუს პუოჯუნასი დაესწრო, რომელმაც ასევე მიმარტა აუდიტორიას და დიდი მადლობა გადაუხადა რექტორს, ასეთი ლამაზი საღამოსათვის.

სტუდენტებმა ღონისძიების ორგანიზებაში მხარდაჭერისთვის რექტორს, ასევე კანცლერს ქალბატონ ნინო თოფურიძეს დიდი მადლობა გადაუხადეს, კონცერტი საახალწლო მაშხელებიტა და ფოიერვერკით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები