ბოლნისის მერი დავით შერაზადიშვილი ლევან კიკალიშვილს შეხვდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის გენერალურ მდივანს ლევან კიკალიშვილს შეხვდა. შეხვედრა 2018 წლის ივნისში, ჩეხეთში დაგეგმილ სასკოლო ჩემპიონატს შეეხებოდა, სადაც მონაწილეობას ბოლნისის №1 საჯარო სკოლის ფრენბურთელი გოგონები მიიღებენ.
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დახმარებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხარდაჭერით, 2015 წლიდან ატარებს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას, რომელშიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული.
ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდები, ყოველწლიურად მონაწილეობას იღებენ მსოფლიო და ევროპის სასკოლო სპორტულ ჩემპიონატებში.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბოლნისის N1 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი ფრენბურთში, 2017 წელს, საქართველოს ჩემპიონი გახდა და 2018 წლის 2-10 ივნისს ჩეხეთში მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე გაემგზავრება.
სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა 2018-ში ჩართულია საქართველოს 1700-ზე მეტი სკოლის 100 000 მოსწავლე.
,,სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა 2017″-ში აქტიურად იყო ჩართული ბოლნისის მუნიციპალიტეტის 15 სკოლის 31 გუნდი, 255 მოსწავლით, ხოლო 2018 წლის ოლიმპიადაში ჩაერთვება 23 სკოლის, 106 გუნდის 720 მოსწავლე.