კვირიკაშვილი ბოკერიას – მე კი არა, მთელი საქართველოა თქვენზე გაბრაზებული (ვიდეო)

”მე კი არა, მთელი საქართველოა თქვენზე გაბრაზებული. იმისაგან, რაც თქვენ საქართველოს წინაშე გაქვთ გაკეთებული, ღმერთმა დაიფაროს ყველა პოლიტიკური ძალა“, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიგა ბოკერიას.

საპარლამენტო უმცირესობასთან პრემიერ-მინისტრობისა და მთავრობის წევრობის კანდიდატების შეხვედრა მწვავე კამათით დასრულდა.

პარლამენტში შეხვედრის ბოლო ნაწილში კამათი ”ევროპული საქართველოს” წევრ გიგა ბოკერიას განცხადებამ გამოიწვია, რომელიც ევროსაბჭოში რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების აღდგენის საკითხს შეეხებოდა.
როგორც ბოკერიამ განაცხადა, ამ უფლების აღდგენის წინააღმდეგ საქართველოს მკაფიო პოზიცია არ დაუფიქსირებია.

”უკრაინაში აგრესიის შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს შეუჩერა ხმის უფლება. ამ რეზოლუციაში საქართველოს პრობლემაც ნახსენებია. ეს კარგია ჩვენთვის. სამწუხაროდ, არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ ხმა დაუბრუნონ რუსეთს ისე, რომ მას არ შეუსრულებია რეზოლუციის პირობა. ბუნებრივია საქართველოს მიზანია, რომ თუ ვინმე ცდილობს რუსეთს ეს სანქციები მოუხსნას, ჩვენ ამის წინააღმდეგ ხმა ავიმაღლოთ. როგორც გაირკვა, ბოლო განხილვისას კომიტეტზე, საქართველოს პოზიცია საერთოდ არ დაუფიქსირებია. დღეს ვკითხეთ ბატონ ჯანელიძეს, ინსტრუქცია გაქვთ თუ არა მიცემული ელჩისთვის, რომ ყველა დოზით დაუპირისპირდეთ რუსეთისთვის ამ სანქციის მოხსნას, პასუხი მივიღეთ ზოგადი, რომ გაცემულია ინსტრუქცია იმოქმედოს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. არ გაქვთ ინსტრუქცია და ეს არის დანაშაულებრივი საქმიანობა. სანამ გაგვდის, ასე გავაგრძელებთ, ეს არის თქვენი სლოგანი”, – მიმართა ბოკერიამ მთავრობის წევრობის კანდიდატებს, მათ შორის გიორგი კვირიკაშვილს.

ამის პასუხად, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ არც ერთი საერთაშორისო ფორმატი არ ყოფილა, სადაც საქართველო არ იყო სოლიდარული უკრაინისადმი.

”დღესაც ვამბობ, კონკრეტულ შემთხვევაში საქართველო მოქმედებს ევროსაბჭოს პრინციპების და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ გვქონია კაპიტულანტური პოზიცია ოკუპანტის მიმართ”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ამის საპასუხოდ, ბოკერიამ კვირიკაშვილს კითხვით მიმართა, გაბრაზდა თუ არა მის განცხადებაზე, რაზეც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაეთანხმა.

”მე კი, არა მთელი საქართველოა თქვენზე გაბრაზებული. იმისაგან, რაც თქვენ საქართველოს წინაშე გაქვთ გაკეთებული, ღმერთმა დაიფაროს ყველა პოლიტიკური ძალა. დანაშაული ვის აქვს ჩადენილი, ასახულია 7%-ში, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ მოგცათ თქვენ”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები