ეროვნული გვარდია 27 წლის იუბილეს აღნიშნავს

საქართველოს ეროვნული გვარდია 27 წლისაა. ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს იუბილე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზმა მიულოცეს. საიუბილეო ღონისძიებას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, ეროვნული გვარდიის სარდალი, პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე და ვეტერანი გვარდიელები დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ცერემონიის დასაწყისში პირადმა შემადგენლობამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიმართა და ეროვნული გვარდიის მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები საშტატო ცეცხლსასროლი იარაღებით და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ. ცერემონიის დასასრულს, ეროვნული გვარდიის კაპელანმა, მამა მიქაელმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის საბრძოლო დროშა აკურთხა და პირადი შემადგენლობა დალოცა.

უწყების ცნობით, საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს დაარსდა. ის იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ქართული შეიარაღებული ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა. სამაჩაბლოსა და აფხაზეთში წარმოებულ ბრძოლებისას 650-ზე მეტი გვარდიელი დაიღუპა.

საქართველოს ეროვნული გვარდია აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან, ესტონეთის თავდაცვის ლიგასთან, დანიისა და ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიებთან, ლიტვის ეროვნული თავდაცვის მოხალისეთა ძალებთან, ლატვიისა და უკრაინის ეროვნულ გვარდიებთან. 2015 წლიდან კი, ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეული აქტიურად მონაწილეობს ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ საერთაშორისო მისიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები