“თავისუფალი ბაზრების გახსნა 3.7 მლნ მოსახლეობის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ნაწარმოებ პროდუქციას სულ უფრო მეტი ბაზარი ჰქონდეს. ეკონომიკა სხვა არაფერია, თუ არა მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი. 3.7 მლნ მოსახლეობის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი ბაზრების გახსნა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები”, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე ისაუბრა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა,  მთავრობა ამ მიმართულებით  ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად მუშაობს.  2017 წელს ხელი მოეწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რომელიც 2018 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში.

„დღეის მდგომარეობით, ჩვენ მსოფლიოს 1/3-თან გვაქვს თავისუფალი ან პრეფერენციული  ვაჭრობის შეთანხმებები, რაც პირდაპირი პოზიტივია ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად”, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მნიშვნელობაზე. როგორც მან აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ჩვენ კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ვალდებულება გვაქვს.

„თუმცა, ეს არა ვალდებულება, არამედ ძალიან დიდი სიკეთეა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს პრაქტიკულად ჩვენი ვაჭრობის პოლიტიკაა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში უნდა ავწიოთ სტანდარტები, დავნერგოთ სწორედ ის მეთოდები, რომლებიც შესაძლებობას მისცემს უკვე საქართველოში წარმოებულ პროდუქციას, დაუბრკოლებლად შევიდეს ევროპაში და დააკმაყოფილოს ევროპული სტანდარტების მოთხოვნები”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები