“შალვა ნათელაშვილი “ნაცმოძრაობის” მენეჯერია, რომელიც სააკაშვილის ნასუფრალით იკვებება”

“ლეიბორისტული პარტიის” იდეოლოგიური მდივანი პაატა ჩოხელი პატრიაში არსებული განხეთქილების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც ის აღნიშნავს, ის პარტია, რომელსაც საზოგადოება წლების მანძილზე იცნობდა, აღარ არსებობს.

“ყოველგვარი ცინიზმის, სარკაზმის და ნიშნის მოგების გარეშე მინდა განვაცხადო, რომ “ლეიბორისტული პარტია” იმ ფორმით, იდეოლოგიით და მიზნებით, როგორსაც ჩვენ ვიცნობდით წლების მანძილზე, აღარ არსებობს”,- განაცხადა ჩოხელმა.

მისივე თქმით, “ლეიბორისტული პარტია” გადაიქცა “ნაციონალური მოძრაობის” ფილიალად, ხოლო ნათელაშვილი – მენეჯერად, რომელიც სააკაშვილის ნასუფრალით იკვებება.

“ლეიბორისტული პარტია” გადაიქცა “ნაციონალური მოძრაობის” ფილიალად, ხოლო ნათელაშვილი – მენეჯერად, რომელიც სააკაშვილის ნასუფრალით იკვებება. ბაზალეთელი ინტელიგენტი გადაიქცა აბსოლიტურად ოდიოზურ პოლიტიკურ ფიგურად, რომელიც არავის აღარ სჭირდება: არც მოსკოვს, არც ბრიუსელს და არც ვაშინგტონს, რაც დამტკიცდა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის დროს, სადაც მიწვეულები იყვნენ ყველა ე.წ. “პროდასავლური პარტიები”, შალიკოს გარდა. მიზეზი მისი სრული იგნორირების ნათელია – ვაშინგტონიდან მოსკოვამდე დარწმუნდნენ, რომ ნათელაშვილის სახით საქმე აქვთ თაღლითთან და ავანტიურისტთან, რომლისთვისაც პოლიტიკა და ლეიბორისტული პარტია მხოლოდ ფულის შოვნის და შემოსავლის წყაროა. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ თითქმის ნახევარ მილიონიანი დაფინანსების პირობებში ბიუჯეტიდან, პარტიას არ გააჩნია არცერთი ოფისი, არ გაიცემა ხელფასი ან რაიმე დახმარება პარტიის რაიონების ხელმძღვანელებზე (კოორდინატორები) და ეს იმ დროს, როდესაც პარტიას მხოლოდ შალიკოს ავტომობილის საწვავის ხარჯები თვეში 3 000 ლარი უჯდება”, – ნათქვამია ჩოხელის განცხადებაში.

ჩოხელი მოუწოდებს პარტიის ყველა ხელმძღვანელს გაერთიანებისკენ.

“აქედან გამომდინარე, მე, პაატა ჩოხელი, რომელიც ათეული წელია ვარ “ლეიბორისტული პარტიის” წევრი და პარტიის იდეოლოგიური მდივანი (რომელიც უკანონოდ შემიჩერა შალვა ნათელაშვილმა), მივმართავ პარტიის ყველა ზონის, რაიონის, ქალაქის თუ რეგიონის ხელმძღვანელებს, რომლებიც ხედავთ თუ რა პოლიტიკურ სიბინძურეში ჩაერთო პარტია და აღარ გსურთ იყოთ ნათელაშვილის ტრეფიკინგის მსხვერპლი, გავერთიანდეთ და დავამთავროთ, არასრულფასოვნების კომპლექსებით გატენილი, შალიკოს მმართველობა “ლეიბორისტულ პარტიაში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები