“სსფ-ს შეფასებით, საქართველო 2017-2022 წლებში ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მიხედით რეგიონში საუკეთესოა”

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას 2017 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

„ჩვენ წარმატებით წარვმართეთ მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რის შედეგადაც ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა სამწლიანი პროგრამა გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში 210 მილიონი SDR (ნასესხობის სპეციალური უფლება) ოდენობით”,- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ქუმსიშვილის თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ აღნიშნული პროგრამა სრულად დაეფუძნა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას და მიზნად ისახავს ფისკალური მდგრადობის გაძლიერებას, ფინანსური სტაბილურობის ზრდას, საგარეო დისბალანსის შემცირებას, ინფრასტრუქტურული ინვესტიციების დაჩქარებას და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას.

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ოქტომბერში წარმატებით დასრულდა პროგრამის პირველი მიმოხილვა.

„ჩვენ შევასრულეთ პროგრამით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება. შედეგად, პოზიტიურია ეკონომიკური ზრდის მოლოდინები საქართველოს მიმართ. კერძოდ,  საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო, „მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის” მიხედვით, 2017-2022 წლებში  საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მიხედით რეგიონში საუკეთესოა. იმავე დოკუმენტის მიხედვით, , საქართველოს ეკონომიკის ზრდის საუკეთესო მაჩვენებელი სწორედ ჩვენ მიერ გატარებული და დაგეგმილი ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების გამო ექნება”,- აღნიშნა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები