რა კრიტერიუმებია დადგენილი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირებისთვის – ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადება

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირებისთვის ისეთი კრიტერიუმები არ არის დადგენილი, რომ მძღოლებმა ერთი წლის განმავლობაში მანქანების მოწესრიგება ვერ შეძლონ.
შესაბამისი განცხადება ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
“საქართველოში ჯამურად რეგისტრირებულია მილიონ 200 ათასი ავტოსატრანსპორტო საშუალება. აქედან, რომელიც გზებზე გამოდის და რომელთაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება შეეხება, დაახლოებით 900 000 მანქანაა. მათგან დაახლოებით 45% არის 10 წლიდან 20-წლამდე, ხოლო 20-წელზე მეტის არის მანქანების დაახლოებით 20%. ჩამოყალიბდა რეგლამენტი, რათა ადამიანებს სცოდნოდათ, რა ტექნიკურ პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს მათი მანქანები. აქ არ არის რაღაც სასწაული თემები. დაახლოებით 600 000 მანქანა იქნება, როცა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან შევა ძალაში. მათ ერთი წლის განმავლობაში სამუხრუჭე სისტემა უნდა გამართონ. გამართული უნდა იყოს საჭის მართვის სისტემა. არ უნდა იყოს გაბზარული საქარე მინა. უნდა იყოს მოწესრიგებული ძრავა, გამონაბოლქვთან დაკავშირებით. ეს ისეთი კრიტერიუმები არ არის, რომლის მიხედვით ადამიანი ერთი წლის განმავლობაში მანქანას ვერ მოაწესრიგებს“, – განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები