ირაკლი კობახიძემ პოლონეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პოლონეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის დასასრულს, ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, პოლონეთის სენატში იმყოფებოდა, სადაც პლენარულ სხდომას დაესწრო.
ოფიციალური ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან შეაჯამა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტსა და პოლონეთის პარლამენტს შორის ურთიერთობა სტრატეგიულ დონეზე გადავა.
„შედგა ძალიან წარმატებული ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში, სადაც შევხვდით უმაღლესი თანამდებობის პირებს – პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის ორივე პალატის სპიკერებს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება პოლონეთის პარლამენტთან, რაც გახდება ჩვენი საპარლამენტო თანამშრომლობის ახალი ეტაპის საფუძველი. ჩვენ სტრატეგიულ დონეზე გვინდა ავიყვანოთ ურთიერთობები პოლონეთისა და საქართველოს პარლამენტებს შორის და ეს დოკუმენტი სწორედ ამას უზრუნველყოფს”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.