„ტრაგიკულად ნუ დავხატავთ, თითქოს “საზოგადოებრივი მაუწყებელი” საარსებო მინიმუმს გართმევთ“

პრეზიდენტს ძალიან დეტალურად ავუხსენით გეგმები, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს და კანონპროექტის არსი, რომელიც პარლამენტში განიხილება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისას, კანონპროექტზე შესაძლო ვეტოზე საუბარი არ ყოფილა.
„ამ კანონპროექტს ბევრი ჩვენი ოპონენტი, ზოგი განზრახ და ზოგი უნებლიედ, არასწორად განმარტავს. ყველა მუხლი დეტალურად გავიარეთ და ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან საინტერესო საქმიანი შეხვედრა. რაც უფრო მეტი იქნება ასეთი საქმიანი შეხვედრები, მეტი ადამიანი გაეცნობა ვითარებას, ჩვენ მზად ვართ, გახსნილი ვართ და მედიამაც ეს ობიექტურად უნდა გააშუქოს”, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
რაც შეეხება კომერციული რეკლამის შესყიდვის ნაწილს, ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ეს მედიაპლურალიზმს ხელს შეუწყობს.
ტრაგიკულად ნუ დავხატავთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი საარსებო მინიმუმს გართმევთ. მედიაპლურალიზმი არის თითოეული ადამიანის მონაპოვარი. ჩვენ ამ სიკეთეს უბრალოდ ვქმნით და ვართ ინსტრუმენტები. მედიაპლურალიზმი ძლიერი საზოგადოებრივი მაუწყებლის გარეშე არ იქნება. გაეცანით მთელი მსოფლიოს პრაქტიკას, რომელიც არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება შესყიდვებს, ამ თემით სპეკულირება ხდებოდა, ჩვენ ვითხოვთ არა შესყიდვებისგან გათავისუფლებას, არამედ პროდუქციის გათავისუფლებას ტენდერებისგან“, – განუცხადა ვასილ მაღლაფერიძემ ჟურნალისტებს.
მანამდე, საქართველოს პრეზიდენტი კერძო ტელეკომპანიებსა და მედიაექსპერტებს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები