ვინ გადაარჩინა გაგრაში ტყვედ ჩავარდნილი ჩიორა სიკვდილს?

ყველას გახსომებათ ფილმი „ჩიორა“ და მთავარი როლის შემსრულებელი გოჩა აფციაური, რომელიც თავისი როლით მაშინდელი ახალგაზრდა თაობის მისაბაძ მაგალითად იქცა.  ფილმი 1984 წელს გამოვიდა ეკრანზე და მაშინვე მოიპოვა პოპულარობა სწორედ მთავარი გმირის უშუალო თამაშითა და იმ ღირებულებებით, რაც ყველა დროში ფასეულია…
რა ბედი ეწია მთავარი როლის შემსრულებელს, რომელსაც ახლაც ჩიორათი იცნობენ… როგორი ცხოვრება განვლო?
ამ კითხვებს ეროვნული ბიბლიოთეკის კინოდარბაზში გამართულმა შეხვედრამ გასცა პასუხი. შეხვედრის მოთავენი პროექტ გაფანტული ალმასებიორგანიზატორები – ეთო მდინარაძე და მანანა კორძახია იყვნენ. მათ მოიწვიეს არა მხოლოდ გოჩა აფციაური, არამედ მისი ოჯახის წევრები: მეუღლე –  ნინო სამარღანიშვილი-აფციაური, შვილები: ნათია  და გია აფციაურები.  რძალი სალომე გოგრიჭიანი. ნათია ჟურნალისტია, გია – იურისტი და ეკონომისტი.
ასე რომ, თქვენ წინაშეა 54 წლის გოჩა აფციაური.  

 – დავიბადე ცხინვალში, დედაჩემი გორის რაიონიდან არის, იქ, სოფელ ქორდში  ბიძები, დედაჩემის ძმები, ბიძაშვილები მყავდა…  მერე გადმოვსახლდით მანგლისში. 5 წლის ვიყავი მაშინ…
– როგორ მოხვდით ამ ფილმში „ჩიორა“?
– მამაჩემის მეგობარი მუშაობდა კინოსტუდიაში, გარდაიცვალა და დაკრძალვაზე ვიყავი, კინოსტუდიის თანამშრომლებიდან ერთი ადამიანი მოვიდა და დამელაპარაკა, კინოს ვიღებთ და ხომ არ ითამაშებდიო.  იმ დროს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, სატყეო ფაკულტეტზე სადიპლომოზე ვმუშაობდი, მშობლებს მოვეთათბირე სახლში, მირჩიეს, რომ წადი, ბედი სცადეო.
პლეხანოვზე კინოსტუდიაში მივედი სინჯებზე და ქალბატონი ნელი ნენოვა დამხვდა. სურათები გადაიღეს, დიალოგები ჩაწერეს.
დამიბარეს ერთი კვირის მერე, ნიკა- თენგიზ გიორგაძე უკვე შერჩეული ჰყავდათ. გადავიღეთ დიალოგები, მერე ახალგაზრდა გოგონას ეძებდნენ, მოიყვანეს ხათუნა ჩაგელიშვილი, ერთად გადავიღეთ სცენები, ის გოგო ჩვენც მოგვეწონა და რეჟისორსაც.
– გადაღებები აფხაზეთში მიმდინარეობდა…
– გადაღებები 4 წლის განმავლობაში – ჯერ სოხუმში, შემდეგ გაგრაში მიმდინარეობდა.
რამდენი წლის იყავით ფილმის გადაღებისას და თუ გაქვთ წარსულის ნოსტალგია…
– 21-ის გავხდი…  გული მწყდება გაფრენილ ახალგაზრდობაზე, რომელიც არასდროს აღარ დაბრუნდება. ამ ფილმში ჩემი თავი ვითამაშე…
– მრავალი თაყვანისმცემელი გყავდათ… როგორ იგერიებდით?
– ჯერ ფილმი არ იყო გამოსული, მაშინვე ჯარში წამიყვანეს, უკრაინაში ვმსახურობდი. ამიტომაც მოგერიება არ დამჭირვებია…
– უცებ გახდით პოპულარული. რა იყო მთავარი მიზეზი, რომ სხვა როლები აღარ ითამაშეთ?
– ადამიანი რაღაც საქმეს რომ მოეჭიდება და ჩაიფიქრებს, სულში უნდა ჰქონდეს გამჯდარი. ვერ დავინახე მსახიობობისკენ მიდრეკილება, სატყეოზე ვსწავლობდი და ბუნება  ბავშვობიდან მიყვარს.
ერთი იყოს და ნაღდი იყოს, – ასე სჯობია…
– აფხაზეთში იყო გადაღებები და მერე მოგიწიათ იქ წასვლა საბრძოლველად. როგორი განცდა იყო იმ ადგილების ომის დროს მონახულება?
– სანამ სოხუმს აიღებდნენ, 1992- ში ისევ ჩვენი იყო, ფუნიკულიორზე ავედით, დავათვალიერეთ…
– სადაც ჩიორა დაიღუპა, ის ადგილები? სკოლა… როგორ უხაროდათ მოსწავლეებს, რომ მათ ქუჩაზე ფილმს იღებდნენ…
– დრო არ გვქონდა, ორი საათი ვიყავით სოხუმში და მერე გაგრაში გადაგვაფრინეს.  ყველაფრის მონახულება ვერ მოვასწარით, მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ სოხუმს დავკარგავდით. ომი კი მიმდინარეობდა, მაგრამ ყველას გვეგონა, რომ ეს დროებითი იყო, აფხაზეთი დაწყნარდებოდა, ჩვენი იქნებოდა და ქართველების გენოციდი არ მოხდებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი პირიქით მოხდა…
– ტყვეობაში როგორ მოხვდით?
– თამაზ მეფარიშვილის ბატალიონში ვიყავი… ჩვენი ბატალიონის ნახევარი დაგვეხოცა…  გაგრა რომ აიღეს, ტყვედ ჩავვარდით… 49 დღე ვიყავი ტყვედ. გაგრაში წინა ღამეს ბრძოლით დავიხიეთ უკან და სასტუმროში ვიყავით გამაგრებულები. დილით განვაახლეთ ბრძოლა. მთლ დღეს ვიბრძოდით, ბიჭები დაგვიხოცეს, ტყვია-წამალი გაგვითავდა, მოლაპარაკება დავიწყეთ, მაგრამ აგვიყვანეს, გუდაუთაში წაგვიყვანეს. გზად, მანქანით რომ მივყავდით, მდინარის პირას გააჩერეს,  ჩამოგვსხეს ყველა, გაგვამწკრივეს, რომ ყველანი ჩავეყარეთ მდინარეში.  ამ დროს მოვიდა მანქანით  ანქვაბი, ის დაელაპარაკა ამ „ჩვენს“ აფხაზებს. იჩხუბეს და გადაგვარჩინა. აღარ დაგვხვრიტეს.
მაგრამ ტყვეობაში იყო ცემა-ტყეპა, ბიჭებიც დაგვიხოცეს, სამი ბიჭი გაიყვანეს… მერე ჩვენ გაგვცვალეს, 11-ნი იყვნენ ისინი და ჩვენებს ტყვედ არძინბას ძმისშვილი ჰყავდათ. დაჭრილი თბილისის საავადმყოფოში მკურნალობდა.  ჩვენ 33-ნი ვიყავით და 11 კაცში არძინბას ძმისშვილის ხათრით გაგვცვალეს.
ფილმის გადაღების დროს მოხდა ინციდენტი… ამ ინციდენტის მონაწილე აფხაზებმა  ომის დროს ტყვედ ყოფნისას გიცნეს…
– გადაღების დროს ადგილობრივები ესწრებოდნენ,  ნასვამები იყვნენ და  ხათუნას ცუდად მოექცნენ… ერთს ხელიც კი დავარტყი…  მერე გუდაუთაში მოვიდა და მითხრა,  გახსოვს, ხელი რომ დამარტყიო?
– ბავშვობიდან ბუნება მიყვარდაო, თქვით…
–  ბავშვობიდან ბუნება და ცხოველები მიყვარდა, დღე არ გავა ახლაც, რომ ტყეში არ გავიარო, ამ დროს მშვიდდები…  თუ ტყეში ვერ გავიარე, გალიაში მგონია თავი, სამსახურიც ისეთი მაქვს, ტყეში უნდა ვიარო… ალგეთის ეროვნული პარკში დაცვის განყოფილებაში ვმუშაობ….

ნინო სამარღანიშვილი-აფციაური, მეუღლე:

– მნიშვნელობა არ ჰქონდა ჩემთვის გოჩას პოპულარობას, თავად იყო უშუალო პიროვნება. რომ შევხვდი, მეგონა, მთელი ცხოვრება ვიცნობდი. „ჩიორა“ რომ გამოვიდა, 15 წლის ვიყავი. მეგობრებმა დაჟინებული თხოვნით ბოლო დღის ბოლო სეანსზე წამიყვანეს.  მეც მუსიკოსი ვარ და მუსიკალურ სასწავლებელში ვაბარებდი, მთხოვეს, ბოლო სეანსია და წამოდი, რა მოგივიდა, ათჯერ ვნახე და ერთხელ შენც ნახეო. წავედი და, როგორც ყველა, ტირილით გამოვედი იქიდან.
შემდეგ სტუდენტი გავხდი, ჩვენს დროს გოგონები მარილიან კვერებს აცხობდნენ, რომ საბედო ენახათ. თავი შიმშილით მოვიკალი, მაინტერესებდა, ვინ დამესიზმრებოდა. რომ გათენდა, დედამ მითხრა, რა ნახე, შვილო, რომ მოიკალი თავიო… ვაიმე ამ ქართული კინოსთვის მოვიკალი თავი – მეთქი და, ვერ მიხვდა, რა ვთქვი.  ლექციებზე მაგვიანდებოდა, ნოტები ავიღე და გავიქეცი. მერე დრო გავიდა და დამავიწყდა ეს ამბავი.
მერე მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე, მოხდა ისე, რომ მოვხვდი მანგლისში, მუსკალური სკოლის დირექტორი ჩამოვიდა რუსთავში, მასწავლებელი მჭირდებაო. სადღაც შორს არ გამიშვეს მშობლებმა, მანგლისი ცოტა ახლოს არის, მამა დავითანხმეთ და გამიშვეს განაწილებით. იმდენად დავივიწყე სიზმარი, რომ აღარც გამხსენებია.
ჩემი და გოჩას სიყვარულის ისტორია ძალიან პატარაა, რომ გავიცანი, მეგონა, რომ მთელი ცხოვრება ვიცნობდი, იმდენად უშუალოდ და ბუნებრივად მოხდა, ყველა ხედავდა ჩემ გარდა. პირველად თვითონ დამინახა და მოინდომა ჩემი გაცნობა. მოახერხა კიდეც. ყოველთვის მრცხვენოდა იმის აღიარების, რომ მეთქვა, თურმე რამდენი ხანი ვიცნობდი. არადა, სინამდვილეში, სულ სამი კვირა ვიცნობდით ერთმანეთს. აგერ 30 წელი ერთად ვართ და წუთით არ მინანია.

თამარ შაიშმელაშვილი

ნიკო ბაღაშვილის ფოტო

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები