თამარ ჩუგოშვილი: პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს დაუჭერს

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი გამოუცხადებს ნდობას მთავრობას განახლებული შემადგენლობით”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
როგორც ჩუგოშვილმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, დღეს ბიურო განხილვების გრაფიკს დაამტკიცებს.
“ჩვენ გვექნება მინისტრების მოსმენა როგორც კომიტეტებზე, ისე პოლიტიკურ ჯგუფებში და შემდეგ პლენარულ სესიაზე. დეტალები შეხვედრების დროსთან დაკავშირებით ბიუროზე გახდება ცნობილი. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი გამოუცხადებს ნდობას მთავრობას განახლებული შემადგენლობით”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შედეგად, მთავრობის შემადგენლობა ერთი მესამედზე მეტი წევრით განახლდა, რის გამოც დღის წესრიგში მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ხელახალი ნდობის გამოცხადების საკითხი დადგა.
ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შეიცვალა შინაგან საქმეთა მინისტრი და ეს თანამდებობა გიორგი გახარიამ დაიკავა.
გაუქმდა ენერგეტიკის სამინისტრო. ენერგეტიკის სფერო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფარგლებში გადავიდა, რომელსაც სამთავრობო ცვლილებების გათვალისწინებით, დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს. ასევე, აღნიშნული უწყების ხელში გადავიდა ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი.
გაუქმდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო. მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებებით, სპორტის მიმართულება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაეცა, ხოლო ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულება – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომლის ხელმძღვანელად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.
ანალოგიური ცვლილებები განხორციელდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიმართულებით. გარემოსა და სოფლის მეურნეობის გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი გახდა.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გაუქმდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები