ოზურგეთს სიმღერისა და გალობის მუზეუმი ექნება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მაკვანეთში არტემ ერქომაიშვილის სახელობის სიმღერისა და გალობის მუზეუმის მშენებლობა დაწყებულია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ახალ მუზეუმში ძველი სიმღერების, ფონოგრამებისა და საგალობლების დაცვისთვის ყველა პირობა იქნება შექმნილი.
მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ახალ მუზეუმის მშენებლობა მომავალი წლის ბოლოს დასრულდება. მუზეუმში სიმღერების ჩაწერა და დაარქივება იქნება შესაძლებელი, საჭიროების შემთხვევაში, აქვე დააარქივებენ ძველ ხალხურ საგალობლებსაც. მუზეუმში შესაძლებელი იქნება ტურისტების და დაინტერესებული ადამიანების მიღება.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 350 000 ლარამდეა.