„OGP”-ის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარის − საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი ინდონეზიაში გრძელდება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „OGP”-ის რეგიონული ფორუმის ფარგლებში, ღონისძიების მონაწილე ქვეყნების დელეგაციებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. მინისტერიალის ფარგლებში ჩატარებული მრგვალი მაგიდის შემდეგ, სადაც თეა წულუკიანმა საქართველოს წარმატებულ მაგალითზე ისაუბრა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ცალკეული ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო. ყველა შეხვედრის ინიციატორია პარტნიორი ქვეყნების მთავრობები და არასამთავრობო სექტორი. ისინი ქართული გამოცდილებით არიან დაინტერესებულნი, რომელმაც ქვეყანას „OGP”-ის ფარგლებში წარმატება მოუტანა − საქართველო გახდა მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა, რომელიც 75 სახელმწიფოსაგან შემდგარ პლატფორმას ხელმძღვანელობს. „OGP”-ის მმართველ კომიტეტში საქართველოს იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს. ის წარმართავს ქვეყანაში „ღია მმართველობის” პროცესს.

ფორუმის მიმდინარეობის პარალელურად, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა შეხვედრები გამართა ყირგიზეთის, სამხრეთ კორეის, ფილიპინებისა და ინდონეზიის მთავრობების წარმომადგენლებთან. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, როგორც მმართველი კომიტეტის თავმჯდომარემ, პარტნიორ ქვეყნებს „ღია მმართველობის” პლატფორმის ფარგლებში საქართველოს პრიორიტეტები გააცნო, ესაუბრა 2018 წლის ზაფხულში თბილისში დაგეგმილ „OGP”-ის გლობალურ ფორუმზე განსახილველ საკითხებსა და თემატიკაზე და ინფორმაცია მიაწოდა იმ რეფორემების შესახებ, რომლებიც საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ხორციელდება ღია და გამჭვირვალე ინსტიტუტების მშენებლობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი პრევენციის, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით.

აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებში „ღია მმართველობის პარტნიორობის” რეგიონული ფორუმი ინდონეზიაში იმართება. საქართველოს იუსტიციის მინისტრი მის მუშაობაში „OGP”-ის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარის რანგში მონაწილეობს. ღონისძიებას 200-ზე მეტი ქვეყნის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები, ბიზნესწრეების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

„OGP”-ის თავმჯდომარეობა საქართველომ მიმდინარე წლის ოქტომბერში საფრანგეთისაგან გადმოიბარა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყანა მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმს ხელმძღვანელობს, რომელიც მსოფლიოს 75 ქვეყანას აერთიანებს. საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის” პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო, ის წარმოადგენს ქვეყნის სხვადასხვა უწყებას „OGP”-ის ფორმატში საერთაშორისო დონეზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები