მარიამ ჯაშმა მამუკა ბახტაძეს ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე წარდგენა მიულოცა და წარმატებები უსურვა

„IX მოწვევის პარლამენტის წევრებს წელს პირველად გვქონდა შესაძლებლობა, რომ ბიუჯეტის შემუშავების პროცესში, სამუშაო რეჟიმში ვყოფილიყავით ჩართული და რეალურად გარკვეული ცვლილებების შეტანა მოგვეხდინა დარგობრივი პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში“,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განაცხადა.

მისივე თქმით, 2018 წლის ბიუჯეტში, ერთობლივი ძალისხმევით, უკვე მოხდა კულტურის სფეროს დაფინანსების 31%-ით  გაზრდა, -„ მისი უმნიშვნელოვანესი ნაწილი განსაზღვრულია ფრანკფურტის  საერთაშორისო ბაზრობისთვის და აღნიშნული გამოფენა საქართველოს სავიზიტო ბარათს წარმოადგენს“.

„ჩვენ რეალურად გვეძლევა საშუალება ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურის წარდგინება მოხდეს მსოფლიო მასშტაბით. ასევე, ინფრასტრუქტურული კომპონენტის გაუმჯობესებისთვის მოხდა დამატებითი ფინანსური რესურსების ალოგაცია. ჩვენ ასევე შევძელით სახელმწიფო ენის დეპარტამენტისთვის ნახევარი მილიონი ლარის მოცულობის ფინანსური რესურსების უზრუნველყოფა, რომელიც უდიდესი საქმის – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ამოქმედებისთვის იქნება გამიზნული და მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გიორგი ალიბეგაშვილს აღნიშნული დეპარტამენტის წარმატებული ამოქმედების პროცესში.

და ბოლოს, ჩვენ შევძელით 66 მლნ ლარით გაგვეზარდა განათლების ბიუჯეტი 2017 მონაცემებთან შედარებით, რაც ბუნებრივია არის მისასალმებელი.

თუმცა, როგორც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თხოვნით მოგმართავთ, ბატონო მამუკა, რომ გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა რომ სამივე მიმართულებით ფინანსური რესურსების გაფართოვება მოხდეს.

ჩვენ გვჭირდება გაცილებით მეტი ფინანსური რესურსი განათლებისა და მეცნიერების სფეროში. განათლება საქართველოს მთავრობის ნომერ პირველი  პრიორიტეტია და მიუხედავად ბიუჯეტის ყოველწლიური ზრდისა, ჩვენ რადიკალურად გაზრდილი სახელმწიფო საბიუჯეტო მონაცემები გვჭირდება. სისტემა მოიცავს 600 000 მოსწავლეს, 150 000-მდე სტუდენტს, 2200-ზე მეტ სკოლას, კოლეჯს და უნივერსიტეტს და მეცნიერთა მრავალრიცხოვან კორპუსს. ასეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურისთვის და საკადრო რესურსისთვის დამერწმუნეთ, 1მლრდ 186 მლნ. ლარი არ არის   საკმარისი.

თუ ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ განათლებაში შევიტანოთ მნიშვნელოვანი რეფორმები, უნდა შევძლოთ, რომ ქვეყანამ შეძლოს კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის წარმოება. განათლებას უნდა დავუთმოთ ბევრად მეტი ყურადღება ფინანსური რესურსების თვალსაზრისით.

ასევე,  ჩვენი თხოვნა იქნება კულტურის სფეროში დღეს მიღწეული 131 მლნ-იანი დაფინანსება იყოს შენარჩუნებული და შემდგომ ეტაპობრივად გაზრდილი. მესმის, რომ დღევანდელი საბიუჯეტო პარამეტრები არ გვაძლევს  საშუალებას უფრო მეტად გავზარდოთ ფინანსური რესურსების ინვესტიციები სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ სახელმწიფო ინვესტიციების გარდა, არსებობს შესაძლებლობა, რომ ჩვენ ერთობლივი მუშაობით მოვიზიდოთ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და დონორი ორგანიზაციების რესურსები. ჩვენ სწორედ ასე შევძელით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ჯანდაცვის მიმართულებით, წლების მანძილზე და მე ვფიქრობ, განათლების სექტორში არის უდიდესი პოტენციალი საერთაშორისო თანამშრომლობების მოზიდვის თვალსაზრისით.

პირდაპირი სახელმწიფო და დონორული ინვესტიციების გაზრდის პარალელურად, ვფიქრობ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ფისკალურ პოლიტიკაზე, რომელიც ხელს შეუწყობს განათლების კულტურის სფეროში კერძო    სექტორის ჩართულობას. ამ კუთხით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ქველმოქმედების ფილანტროპიის კანონმდებლობაზე მუშაობის დაწყება, რომელიც მეტ ფინანსურ რესურს გააჩენს როგორც განათლების  ასევე, კულტურის სფეროში.

მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული რეფორმების შემდგომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ასევე, კულტურის და დღეს უკვე სპორტის სამინისტრო რეალურად ხდებიან ქვეყნის სავიზიტო უწყებები საერთაშორისო ასპარეზზე და ჩვენ მაქსიმალურად ორივე სამინისტროს უნდა შევუწყოთ ხელი. გაცილებით მეტი ფინანსური რესურსი უნდა გაჩნდეს ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის შესაქმნელად ასევე, კულტურისა და სპორტის სფეროებში წარმატებული მოღვაწეების ხელშესაწყობად.

მზად ვართ ერთად გავაგრძელოთ მუშაობა აღნიშნული დარგების წარმატებისთვის“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები