“2014-2015 წლები საქართველოს რკინიგზისთვის საუკეთესო იყო, ეს არ არის ჩემი სიტყვები, დიდი ოთხეულის აუდიტორული ამონაწერი KPMG-ის ამოიღეთ და ნახავთ ამ ციფრებს”

„ნებისმიერი კომპანიის კაპიტალიზაცია და წარმატებულობა განისაზღვრება მისი საოპერაციო მოგებით და ეგრეთწოდებული მარჟებით, რაც ამ კომპანიას აქვს”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სს საქართველოს რკინიგზის საქმიანობის შეფასებისას, დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„თქვენც, როგორც ეკონომისტი შემოხვედით ამ იდეით და ორი სხვადასხვა ციფრი შეადარეთ ერთმანეთს, რაც პრინციპულად არასწორია. აქვე გაისმა საკითხი, რომ ბოლო წლებში რკინიგზამ დაკარგა თავის ტრანზიტული პოტენციალი, სხვებმა გაასწრეს და ა. შ. ჩვენ რომ არ ვიყოთ ერთმანეთის მიმართ სუბიექტური,  ძალიან მარტივ გამოსავალს გთავაზობთ. აუცილებელი ის კი არ არის, რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი რას ამბობს იმ კომპანიაზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა, ან ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს,  აუცილებელია ინვესტორი რას ფიქრობს, ამ შემთხვევაში საფონდო ბირჟა, სადაც საქართველოს რკინიგზის ბონდები კვოტირებს და ჩვენ ვართ საუკეთესოები ამ შემთხვევაში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, გაუგებარია რომელი ტრანზიტული პოტენციალის დაკარგვაზე საუბარი, როდესაც ამ ტრანზიტული გზის გასწვრივ, რაც კი რკინიგზებია და ქვეყნებია, ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელი საქართველოს რკინიგზას აქვს.

„ეს ძალიან გაუგებარია ჩემთვის. მეორე-კომპანიის მოგებას რაც შეეხება, ეს არის საქართველოს რკინიგზის მარჟები და როცა ჩვენ ვსაუბრობთ 2014-2015 წლები იყო საქართველოს რკინიგზისთვის საუკეთესო, ეს არ არის ჩემი სიტყვები, დიდი ოთხეულის აუდიტორული ამონაწერი KPMG- ის ამოიღეთ და ნახავთ ამ ციფრებს.  ვიცი, რომ შემდეგი კითხვა თქვენი იქნება, რომ საქართველოს რკინიგზა აწარმოებს თავის ფინანსურ ანგარიშგებას ლარში და კურსს როგორ შეძლო ამაზე გავლენა მოეხდინა, და ბუნებრივია, მოახდინა და წინასწარ გპასუხობთ ამ შეკითხვაზეც, თქვენ ხედავთ მონაცემებს, სადაც ჩანს რთული პროცენტით საქართველოს რკინიგზის პერფორმანსი სხვა რკინიგზებთან შედარებით და ხედავთ აქაც ვინ არის პირველ ადგილზე. ეს რაც შეეხება საქართველოს რკინიგზის, როგორც ტრანზიტული ორგანიზაციის ფუნქციას და რაც მან ამ ბოლო წლებში შეძლო. ამავე დროს, მინდა დავუბრუნდე ძალიან მნიშვნელოვან საკითხს სატრანზიტო კუთხითაც. ალბათ იმაში არ შემეწინააღმდეგებით, რომ საქართველოს რკინიგზა არის სატრანზიტო პოტენციალის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, მაგრამ არის თუ არა მილსადენები, რომელიც ასევე საქართველოზე გადის, სატრანზიტო პოტენციალის ნაწილი? _ არის! ნახეთ მილსადენების მონაცემები ბოლო 3-4 წლის განმავლობაში. ბუნებრივია, როცა ნავთობი 100 დოლარი ღირდა, პრემიალური გაყიდვის მიზნით, მას რკინიგზაზე გადაადგილება ერჩივნა და როცა ჩამოვიდა 50 დოლარზე, მან აირჩია მისთვის უფრო ოპტიმალური ტრანსპორტი, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ საქართველომ დაკარგა ეს ტვირთი, უბრალოდ მილსადენებში გადავიდა და მილსადენები ისეთივე სატრანზიტო ნაწილია ჩვენი ქვეყნის, როგორც საქართველოს რკინიგზა”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები