ირაკლი კოვზანაძე: პარლამენტის წინაშე წარმოდგენილია საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი

პარლამენტის წევრმა, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტში 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტს საფუძვლად რეალური ეკონომიკური ზრდის 4.5%-იანი პროგნოზი უდევს. როგორც მან აღნიშნა, 2018 წლისათვის საქართველოს მშპ-ს ზრდა სსფ-ს მონაცემებით პოსტსაბჭოთა სივრცესა და მთლიანად რეგიონში ერთ-ერთი მაღალი იქნება.

“პირველ რიგში მოკლედ მოგახსენებთ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად ეკონომიკურ და ფინანსურ ინდიკატორებთან დაკავშირებით:

მომავალი წლის ბიუჯეტს საფუძვლად უდევს რეალური ეკონომიკური ზრდის 4.5%-იანი პროგნოზი. ხაზი მინდა გავუსვა, რომ 2018 წლისათვის საქართველოს მშპ-ს ზრდა სსფ-ს მონაცემებით ერთ-ერთი მაღალი იქნება პოსტსაბჭოთა სივრცესა და მთლიანად რეგიონში. სამომხმარებლო ფასების ინდექსი(ინფლაცია) – დაგეგმილია 3.5%-ის დონეზე, რაც დღეისათვის არსებული 6.9%-იანი ინფლაციის ფონზე კარგ მაჩვენებელს წარმოადგენს, ბიუჯეტის დეფიციტი სსფ-ს მეთოდიკით – 3%, საგარეო ვალის თანაფარდობა მშპ-სთან – 33.5% და მთავრობის ვალის თანაფარდობა მშპ-სთან – 43.1%. ეს უმნიშვნელოვანესი პარამეტრებია, რომელმაც უნდა უზრუნველყონ მაკროეკონომიკური, მონეტარული და ფინანსური სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში და შექმნან საფუძველი სწრაფი, მდგრადი და რაც მთავარია ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისათვის”,-აღნიშნა პარლამენტის წევრმა.

მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მულტიპლიკატორული ეფექტი საბიუჯეტო ხარჯებში სწორედ ეკონომიკური დანიშნულების, ბიზნესის დაწყების სტიმულირებისათვის განკუთვნილ ხარჯებს გააჩნიათ. ირაკლი კოვზანაძეს განცხადებით კი, ლარი პირდაპირ თუ ირიბად ეკონომიკური აქტივობის, ბიზნესის მხარდაჭერის, შესაბამისად კი ეკონომიკური ზრდის, მოსახლეობის დასაქმების და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად იქნება მიმართული.

“ახლა რაც შეეხება უშუალოდ 2018 წლის ბიუჯეტის ფინანსურ მაჩვენებლებს:

მომავალი წლისათვის იზრდება გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების როლი მთლიან შემოსავლებში. კერძოდ, ამ წყაროდან მიღებული შემოსავლები 9 490 მლრდ. ლარს აღწევს და 2017 წლის უკვე კორექტირებულ გეგმურ მაჩვენებელს 510 მლნ. ლარით, ანუ 5.7%-ით აჭარბებს. გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების 76,3%-ს და შემოსავლების 92%-ს შეადგენს, ეს იმ პირობებში, როცა არ იზრდება საგადასახადო ტვირთი, პირიქით, ეს მაჩვენებელი (ანუ საგადასახადო ტვირთი) ნაერთი ბიუჯეტის მიხედვით მცირდება 26%-დან 2018 წლის 25,3 %-მდე, რაც დადებითად უნდა შეფასდეს.

მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მულტიპლიკატორული ეფექტი საბიუჯეტო ხარჯებში სწორედ ეკონომიკური დანიშნულების, ბიზნესის დაწყების სტიმულირებისათვის განკუთვნილ ხარჯებს გააჩნიათ. ამ კუთხით, ბიუჯეტი ითვალისწინებს რამდენიმე მიმართულებას. ერთი ესაა მოგების რეინვესტირების შემთხვევაში მოგების გადასახადისგან ბიზნესის გათავისუფლება, ე.წ. მოგების გადავადებული გადასახდი, ესტონური მოდელი, რაც დამატებით საინვესტიციო რესურსს დაუტოვებს ბიზნესს. მეორე მიმართულებაა მეწარმეობის განვითარების, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებულია როგორც კერძო, ასევე, მთავრობის მიერ განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობების ზრდა.

მთლიანობაში სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 2018 წელს 739 მლნ. ლარით (ანუ 6.3%-ით) იზრდება და 12 მლრდ. 459 მლნ. ლარს გადააჭარბებს, საიდანაც 1 მლრდ. 628 მლნ. ლარი არის არაფინანსური აქტივების ზრდა, ანუ ის გადასახდელები რომელიც მიმართული იქნება გზების მშენებლობაზე, აეროპორტების მშენებლობა-გაფართოებაზე, წყალმომარაგებაზე, გაზიფიკაციაზე, მელიორაციაზე, სხვა ინფრასტრუქტურულ, კაპიტალურ პროექტებზე, ასევე, ბიუჯეტში არის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 260 მლნ. ლარის ოდენობით. ყველაფერი ეს ქვეყნის ეკონომიკის რეალურ აღმავლობას შეუწყობს ხელს და არის ერთ-ერთი ის ფაქტორი, რომლის გამოც, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ 2018 წლის ბიუჯეტის მიღებას.

აქვე თუ გავითვალისწინებთ, რომ რეგიონალური განვითარების სამინისტროს ხარჯები იზრდება 526.9 მლნ ლარით, ანუ თითქმის 41%-ით და ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ 1 მლრდ. 815 მლნ. ლარი პირდაპირ თუ ირიბად მიმართული იქნება ეკონომიკური აქტივობის, ბიზნესის მხარდაჭერის, შესაბამისად კი, ეკონომიკური ზრდის, მოსახლეობის დასაქმების და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად”,-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბიუჯეტის წარმოდგენილ საბოლოო ვარიანტში გადამუშავებულ (ანუ მეორე ვარიანტთან) შედარებით შემოსულობები დამატებით გაზრდილია 48 მლნ. ლარით, გადასახდელები კი 56 მლნ. ლარით, ამავდროულად სახელმწიფო 51 მლნ. ლარით კიდევ უფრო ნაკლებ ვალდებულებებს, ანუ ნაკლებ ვალს იღებს. პარლამენტის წევრმა ასევე მადლობა გადაუხადა ფინანსთა სამინისტროს იმ ჯგუფს, რომელმაც ამ თემებზე იმუშავა.

“დეტალებით თავს არ შეგაწყენთ, მოკლედ ვიტყვი, ბიუჯეტის წარმოდგენილ საბოლოო ვარიანტში გადამუშავებულ (ანუ მეორე ვარიანტთან) შედარებით შემოსულობები დამატებით გაზრდილია 48 მლნ. ლარით, გადასახდელები კი 56 მლნ. ლარით, ამავდროულად სახელმწიფო იღებს 51 მლნ. ლარით კიდევ უფრო ნაკლებ ვალდებულებებს, ანუ ნაკლებ ვალს. შესაბამისად, საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვისათვის გათვალისწინებულია 1 015.0 მლნ. ლარი; საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვისათვის გათვალისწინებულია 295.0 მლნ ლარი;

მე ხაზი მინდა გავუსვა ერთ გარემოებას, რომ თქვენს წინაშე წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტმა, რომელიც საქართველოს პარლამენტში განხილვაშია, პრაქტიკულად, სრული ციკლი გაიარა. ეს პროცესი პარლამენტში დაიწყო მაისში, როდესაც საქართველოს, მთავრობამ წარმოადგინა ქვეყნის ძირითადი მიმართულებების და მისი პირველი და მეორე ვერსიები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში სამჯერ იქნა განხილული. მისი განხილვები მოხდა კომიტეტებში, უმრავლესობაში, უმცირესობაში. გადამუშავებული ვერსიები გამოტანილი იქნა საპარლამენტო მოსმენებზე. ამ პროცესში იყო კამათი, დისკუსია, შენიშვნები და პრაქტიკულად ყველა ეს წინადადება ასახულია დოკუმენტში.

მინდა მადლობა ვუთხრა ფინანსთა სამინისტროს იმ ჯგუფს, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე, მადლობა ვუთხრა ბატონ ქუმსიშვილს ეს დოკუმენტი რომ შექმნა. მინდა მადლობა ვუთხრა ახალ მინისტრს და მადლობა მთავრობას ჩვენთან თანამშრომლობისთვის და პარლამენტის იმ ჯგუფს, ვინც ბიუჯეტზე მუშაობდა. ეს ვერსია არის მაკროეკონომიკურად გამართული და პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ადეკვატურად პასუხობს იმ რეალობას და გამოწვევას, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. შესაბამისად, მინდა მოგიწოდოთ, რომ მხარი დაუჭიროთ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებას”,-განაცხადა პარლამენტის წევრმა, ირაკლი კოვზანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები