„სააკაშვილი რამდენადაც ადეკვატურია უკრაინაში, იმდენად არაადეკვატურია საქართველოსთან მიმართებაში“

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზურაბიშვილმა, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინაში მიმდინარე პროცესები და საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქმედებები შეაფასა.
როგორც დავით ზურაბიშვილმა აღნიშნა, უკრაინის მოვლენები მარტივი არ არის. ყოფილმა დეპუტატმა უკრაინის პროცესები სამ კომპონენტად დაყო: პირველი – საქართველო-უკრაინის ურთიერთობა, მეორე – მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა უკრაინაში და მესამე – უკრაინის პროცესების ექო საქართველოში.

„პირველი კომპონენტი ეს არის ზოგადად საქართველო-უკრაინის ურთიერთობა და ეს ამ კონტექსტში აუცილებლად განსახილველია, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და უკრაინას ჰქონდეს კარგი ურთიერთობები, ასევე, საზღვარგარეთ სინქრონული ქმედებები არის მნიშვნელოვანი.

მეორე მომენტია მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა უკრაინაში. მე ვფიქრობ, რომ უკრაინის პრობლემების მიმართ სააკაშვილი არის ძალიან ადეკვატური, იმიტომ რომ უკრაინის მდგომარეობა ძალიან ჰგავს იმ ვითარებას, რაც იყო საქართველოში ვარდების რევოლუციამდე. იქ არის კორუფცია, სახელმწიფო ინტიტუტების მოშლა და ა.შ. ლამის საბჭოთა კავშირიდან ვერ გამოსულან ჯერ კიდევ და ამ თვალსაზრისით იქ ძალიან რთული სიტუაციაა. ამ სიტუაციაში ის მესიჯები, რასაც სააკაშვილი და მისი გუნდი აჟღერებს, გარკვეულწილად პასუხობს უკრაინის საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის ინტერესებს. მიუხედავად ჩემი მისადმი არცთუ პოზიტიური დამოკიდებულებისა, მას პოლიტიკური კლასი საკმაოდ მაღალი აქვს, სულელი და გამოუცდელი პოლიტიკაში არ არის. სერიოზული ოსატატია, თავის კლასი და დონე, თავისი მინუსების მიუხედავად, როგორც პოლიტიკოსს, მაღალი აქვს. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში ის ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელმაც ხალხი, როგორც სუბიექტი, შემოიყვანა პოლიტიკაში და ხალხზე აპელირებს, რაც სრულიად უცხოა და ამას არავინ აკეთებს“,- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ სააკაშვილი უკრაინაში წარმატებისთვისაა განწირული – „ ის დგას სწორ მხარეს და სწორად უბამს მხარს იმ ტენდენციებს, რაც იმ ქვეყანაშია“.
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მესამე კონპონენტი არის ამ პროცესების ექო საქართველოში – სააკაშვილი რამდენადაც არის ადეკვატური უკრაინაში, იმდენად არაადეკვატურია საქართველოსთან მიმართებაში.
„ის 2002 თუ 2003 წლებშია, ის ითხოვს რადიკალურ დაპირისპირებას ამ ხელისუფლებასთან, ის სულ ტოლობის ნიშანს სვამს ივანიშვილსა და პოროშენკოს შორის, ამ დროს ეს ორი პიროვნება აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენ ვართ სახელმწიფოების ისეთ დონეზე, რომ ხელისუფლება რევოლუციურ დონეზე ვერ შეიცვლება, აქ, საქართველოში აუცილებლად შეიცვლება არჩევნებით. ეს არის მთავარი, მიხეილ სააკაშვილს კი, ეს არ ესმის. მისი ზეწოლით, აქ იქმნება სიტუაცია, რომ თითქოს უკრაინაში თუ შეიცვლება პოროშენკოს ხელისუფლება, აქაც შეიცვლება. საქართველოში ეს არ მოხდება. მე დარწმუნებული ვარ, იქ, უკრაინაში ნამდვილად შეიცვლება. სააკაშვილი იქ იქნება წარმატებული, მარა ეს არავითარ შემთხვევაში არ გამოწვევს აქ „ნაციონაური მოძრაობის“ გამარჯვებას“,- აღნიშნა დავით ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები