არჩილ თალაკვაძე: სიტყვა, პროექტი და საქმე – კახი კალაძის ახალი, ევროპული თბილისი დაიწყო

უმრავლესობის დეპუტატის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თბილისში, ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის შემდეგ, დედაქალაქს კიდევ ერთი მიზიდულობის ცენტრი შეემატება.
უმრავლესობის დეპუტატის თქმით, დედაქალაქის მერი კახი კალაძე ყველაფერს აკეთებს, იმისთვის, რომ თბილისი ევროპულ ქალაქს უფრო მეტად დაესგავსოს. მისივე თქმით, პროექტის განხორციელება ეკონომიკისთვის ახალ შესაძლებლობებს და მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილებს შექმნის.
“სიტყვა, პროექტი და საქმე – კახი კალაძის ახალი, ევროპული თბილისი დაიწყო. დღეს, პარლამენტის წევრები, პრემიერ-მინისტრთან ერთად, ორბელიანის მოედნის რეკონსტრუქციის პრეზენტაციას დავესწარით, რომლის შედეგადაც, დედაქალაქში მიზიდულობის კიდევ ერთი ცენტრი გაჩნდება. ეს არის ორბელიანის მოედანი კლასიკური და თანამედროვე არქიტექტურის ნაზავით, ახალი სარეკრეაციო სივრცეებით, განათებით და ქუჩებით. ეს პროექტი ქმნის 2000-მდე ახალ სამუშაო ადგილს და ახალ შესაძლებლობებს ქალაქის ეკონომიკისთვის”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თბილისის მერია ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას იწყებს. პროექტის პრეზენტაცია დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს ორბელიანის მოედანზე გამართა.
ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტი ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას ისახავს მიზნად. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 52 მლნ ლარს შეადგენს, რომელიც თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ეტაპს მოიცავს. კერძოდ, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციას, ისტორიული და რიგითი შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციას, მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობას, რეაბილიტირებული არეალის კეთილმოწყობა-რედიზაინს, მწვანე კომპონენტის განახლებასა და ახალი სივრცეების მოწყობას.
ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას თბილისის განვითარების ფონდი პროექტ “ახალი ტფილისის” ფარგლებში განახორციელებს. პროექტის მიმდინარეობისას 2000-მდე ადამიანი დასაქმდება.
ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია 2018 წლის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები