ირაკლი კობახიძე: გამარჯვებულია ქართველი ხალხი, რომელმაც მიიღო ევროპული ტიპის კონსტიტუცია

„ჩვენ გვქონდა ძალიან მკაფიოდ დასახული პოლიტიკური მიზანი – ეს მტკიცე პოლიტიკური მიზანი იყო ევროპული ტიპის კონსტიტუციის ჩამოყალიბება და ეს მიზანი შესრულდა ზუსტად ისე, როგორც თავიდანვე განვიზრახეთ”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონპროექტი უკვე დამტკიცებულ კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს და  არსებითი მიზანი ოთხ საკითხთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის ბოლო რეკომენდაციების გათვალისწინებაა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელის თქმით,  წარმოდგენილ კანონპროექტში, საყოველთაო-სახალხო განხილვის დროს გამოთქმული ძირითადი რეკომენდაციებიცაა ასახული.

„როგორც მოგეხსენებათ, შეიქმნა, კანონპროექტის ინიცირების შემდეგ საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია. კომისიამ ერთი თვის განმავლობაში იმუშავა. შედგა სამი ძირითადი შეხვედრა  – შეხვედრა ქუთაისში, ძირითადად აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან. ასევე, ანალოგიური შეხვედრა შედგა თბილისში,   პლენარულ სხდომათა დარბაზში და აკადემიური წრეების   წარმომადგენლებთან, მესამე შეხვედრა კი, _ კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლებთან. გამოითქვა მთელი რიგი კომენტარები კონსტიტუციასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და დღეს, როცა წარმოგიდგენთ კანონპროექტს, რომელიც არის მომზადებული, ეს ასახავს იმ ძირითად რეკომენდაციებსაც, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, მმართველმა გუნდმა კონსტიტუციური კანონპროექტი მოამზადა, რომელიც საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაშვებას, ე.წ.  ბონუსის სისტემის გაუქმებას, საკონსტიტუციო სასამართლოს და რწმენის თავისუფლების საკითხს ეხება. საკომიტეტო განხილვაზე, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მეხუთე ცვლილება ტერმინ „ხმოსნის” „საარჩევნო კოლეგიის წევრით” ჩანაცვლებას ითვალისწინებს.

ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს წარმოდგენილი ცვლილებები გააცნო. კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის შემდეგ, კომიტეტის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, გამოითქვა მოსაზრებებიც.

დისკუსიის შემდეგ,  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მკაფიოდ დასახულ პოლიტიკურ მიზანს, რომელიც ევროპული ტიპის კონსტიტუციის შექმნას გულისხმობდა, მმართველმა გუნდმა მიაღწია.

„ჩვენ გვქონდა ძალიან მკაფიოდ დასახული პოლიტიკური მიზანი, ეს მტკიცე პოლიტიკური მიზანი იყო ევროპული ტიპის კონსტიტუციის ჩამოყალიბება და ეს მიზანი შესრულდა ზუსტად ისე, როგორც თავიდანვე განვიზრახეთ. კიდევ ერთხელ, დამარცხებულები არიან ის ძალები, რომლებიც ამ პროცესს ეწინააღმდეგებოდნენ არაკორექტული ფორმით. ამ პროცესში გამარჯვებულია მმართველი პარტია და გამარჯვებულია, რაც მთავარია, ქართველი ხალხი, რომელმაც შედეგად მიიღო ევროპული ტიპის კონსტიტუცია.

ჩვენ განვიხილეთ აკადემიურ ფორმატში ეს ცვლილებები, მისი ძირითადი ტექსტი, რომელიც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სრულად ამოქმედდება 2020 წლის ბოლოს. ვერც ერთი შენიშვნა ვერ გამოითქვა ტექსტთან დაკავშირებით, იმდენად დახვეწილია კონსტიტუციის ტექსტი.

რომ მივყვეთ მუხლობრივად, არ არსებობს არც ერთი შენიშვნა, რომელიც გამოთქმულია რაიმე არსებით საკითხთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი შედეგი და ის არის ოპოზიციის შედეგი, რაზეც უკვე გესაუბრეთ.

აქედან გამომდინარე, პოლიტიკური კრიტიკა შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, გამოთქვათ, თუმცა ეს არის თქვენი საქმე. ჩვენი საქმე იყო დახვეწილი კონსტიტუციის მიღება და ეს მიზანი არის სათანადოდ რეალიზებული”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები, არსებითად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეფუძნება. ირაკლი კობახიძემ აქვე აღნიშნა, ბონუსის სისტემა სტაბილურობის შენარჩუნების კარგი მექანიზმი იქნებოდა, თუმცა, მმართველი გუნდი პოლიტიკურ კომპრომისზე წავიდა.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მე პირადად, ამ ოთხი რეკომენდაციიდან ორს მინიმუმ არ ვიზიარებ, საქმე ეხება ბონუსებს და საქმე ეხება ბლოკების ერთჯერადად დატოვებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ბონუსის სისტემა არის იმის ერთ-ერთი მექანიზმი, რომ სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი პლურალიზმთან ერთად.

კიდევ ერთხელ, ვხედავთ ევროპაში როგორ წარიმართება პროცესები, არის სერიოზული რისკები დაკავშირებული პროპორციულ სისტემასთან, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკური სისტემის განვითარების დონე არის საკმაოდ დაბალი საქართველოში, აქედან გამომდინარე, ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ ბონუსის სისტემა იყო ძალიან კარგი მექანიზმი და სამართლიანი მექანიზმი იმისათვის, რომ სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა, თუმცა, წავედით პოლიტიკურ კომპრომისზე და მთლიანად უქმდება ბონუსის სისტემა, რომელიც იყო დადგენილი უკვე დამტკიცებული  საკონსტიტუციო ცვლილებებით”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები