როგორ ხატავდა მეოცე საუკუნის ფაიუმად წოდებული ბერძენი მხატვარი ქართველი გოგონას პორტრეტს?

თბილისის ძველ უბანში – პლეხანოვზე გაიზრდა. ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლობდა და მთელი დღე ბალეტს ცეკვავდა. მერე ისე მოხდა, რომ ბალერინობის მაგივრად ქიმიის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. მეუღლის დაღუპვის შემდეგ კი, 90-ან წლებში საბერძნეთში გაემგზავრა საცხოვრებლად.
საბერძნეთში, ფარმაკოლოგიის კათედრაზე 17 წელი სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა. ათენში ჟურნალისტად მუშაობდა და დღემდე საქართველოს აკრედიტებული ჟურნალისტია საბერძნეთში… საინტერესო ინტერვიუები ჩაწერა ბერძნული ხელოვნების წარმომადგენლებთან.
ბერძნულ-ქართული კულტურული ურთიერთობების  საზოგადოება „კოლხეთის“, ასევე –  ემიგრაციის ინფორმაციისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრ  – „ხიდის“  დამაარსებელია.
თავადაც ხატავს და მრავალი საინტერესო გამოფენის მონაწილეა. – თვითნასწავლი მხატვრის, ნინო ბაჯელიძის პერსონა.

– თბილისში დაიბადეთ. სწავლობდით ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეგრაფიულ სასწავლებელში. რა დაგამახსოვრდათ ბავშვობიდან, თქვენი ოჯახიდან და ამ პერიოდიდან?
– ბავშვობაში პლეხანოვზე  ვცხოვრობდი, ძალიან მიყვარდა ის სახლი. „იტალიური ეზო“, მეზობლები, რომლებთანაც თითქოს ერთ ოჯახად ვცხოვრობდით, ქორეოგრაფიული სასწავლებელიც ახლოს იყო, სკოლის წლებიც ფანტასტიკურად მახსენდება, არაჩვეულებრივი კლასი მყავდა, შვიდნი ვიყავით კლასში, ხუთი – გოგო, ყველა ძალიან ლამაზი, დღეს თითოეული  მათგანი წარმატებული და საამაყოა, ერთ-ერთი კი ჩვენი დიდი ვარსკვლავი  ნინო ანანიაშვილია. დღემდე ვმეგობრობთ. 
დილიდან საღამომდე სასწავლებელში ვიყავით, რადგან სკოლის შემდეგ რეპეტიციები გვეწყებოდა, მთელი დღე ვცეკვავდით. ვფიქრობ, რომ ბალეტი, ხელოვნების  მწვერვალია, რომელიც აერთიანებს  ხელოვნების ყველა  სფეროს,  ამიტომ ურთულესია და დიდ შრომას მოითხოვს. პედაგოგებიც განსაკუთრებულები გვყავდნენ –  გოგუცა კაჭარავა ჩვენი დამრიგებელი, მარა ამბაკავნა (რუსულის მსწავლებელი). ყველას ვერ ჩამოვთვლი, ვამაყობ იმით, რომ  თვით ვახტანგ ჭაბუკიანი იყო იმ დროს ქორეოგრაფიული სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელი, ცოტა ხნით, მაგრამ  მოვესწარი… მხოლოდ ჩემი კლასიკის პედაგოგი მახსენდება უსიამოვნოდ. რატომღაც ამომიჩემა ცუდად და მის გამო დავანებე ბალეტს თავი.
– დაამთავრეთ ქიმიის ფაკულტეტი… როგორ უთავსებდით ერთმანეთს ხელოვნებას და ქიმიას?
– მეათე კლაში გადავედი 51-ე საშუალო სკოლაში. ვფიქრობდი, რადგან ბალერინა არ გამოვედი, ბალეტმცოდნე მაინც გამოვალ – მეთქი. არასოდეს მიფიქრია, რომ ქიმიას რამეს  გავუგებდი, ელემენტების წერაც კი  არ ვიცოდი,  დეიდა მყავს ქიმიკოსი და სკოლის პროგრამა ელემენტარულად რომ ამეთვისებინა, მასთან დავიწყე მომზადება,   იქ სხვა აბიტურიენტებიც  – მომავალი ქიმიკოსები ემზადებოდნენ, ყველა „გეპეიში“ (ტექნიკური უნივერსიტეტი) ქიმიის ფაკულტეტზე ჩასაბარებლად ემზადებოდა, ნელ-ნელა მეც ავითვისე, მომეწონა კიდეც. ასე  ჩავაბარე ბოლოს ქიმიურზე. იქაც ბედმა გამიღიმა, არაჩვეულებრივი ჯგუფელები მყავდა, ამიტომ არასოდეს აღარ მინანია ამ პროფესიის არჩევა. სტუდენტობის წლებიც საუკეთესო იყო, ზაფხულობით ბათუმში 2- თვიანი პრაქტიკა  გვქონდა, სადიპლომო კი მეხუთე კურსზე  ყოფნისას, მოსკოვში მენდელეევის ინსტიტუტში დავიცავი. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ, ფიზქიმიის კათედრაზე დავიწყე მუშაობა. ასე გავხდი საბოლოოდ ქიმიკოსი, შემდეგ კი საბერძნეთში ფარმაკოლოგიის კათედრაზე განვაგრძე მუშაობა, 17 წელი სამეცნიერო კუთხით.
–  საბერძნეთის ქალაქ ათენში გაემგზავრეთ… როგორც ვიცი, საინტერესო ისტორია უძღვის ამ ყველაფერს.
– მამაჩემის მამიდა საბერძნეთში გათხოვდა 1917 წელს, გასაბჭოებამდე და ექვსი მამიდაშვილი ჰყავდა ბერძენ. შეიძლება ითქვას, ჩემს ბავშვობაში, საბერძნეთი სხვა სამყარო იყო ყველასთვის, დღევანდელისგან განსხვავებით. ჩემთვის პირადად  განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენდა ძველი ცივილიზაცია,  ბერძნული მითოლოგია, ისტორია და კულტურა. მართლაც, ულამაზესი ქვეყანაა, თავისი ანტიკური კულტურის ძეგლებით, თუნდაც აკროპოლისი,  იროდიოს და ეპიდავროს  თეატრები,  დაუვიწყარი ზაფხულის მსოფლიოს ვარსკვლავების  ფესტივალებით, არაჩვეულებრივი ჰავა, ლურჯი  ზღვა, ულამაზესი კუნძულები, ხალხიც ძალიან გვგავს, ხალისიანი, სტუმართმოყვარე.
მე  რამდენჯერმე ვიყავი სტუმრად ჩემს ნათესავებთან და ამ ქვეყანასთან  მხოლოდ საუკეთესო მოგონებები მაკავშირებდა. 1994 წელს მეუღლე ავტოკატასტროფაში დამეღუპა. მოგეხსენებათ, 90-იანი წლებში რა მძიმე მდგომარეობა იყო საქართველოში, ნათესავებმა მოწვევა გამომიგზავნეს და მეც 8 წლის ქალიშვილთან ერთად გავემგზავრე.
ათენში ჟურნალისტად მუშაობდით და დღემდე საქართველოს აკრედიტებული ჟურნალისტი ხართ საბერძნეთში…
– მინდა გითხრათ, მოწვევით სტუმრად და ტურისტად ყოფნა საბერძნეთში  არაჩვეულებრივია, მაგრამ  რადიკალურად  განსხვავებული იქ ჩასული ემიგრანტისათვის, რომელმაც   შეიძლება თავისი, ცოდნის, განათლების, ნიჭის შესაძლებლობების გამომჟღავნების  მინიმუმიც ვერ მოახერხოს  უამრავი გაუთვალისწინებელი პრობლემის გამო, რაც, ძირითადად, ბიუროკრატიულ კანონებთან არის  დაკავშირებული. რთული იყო  ელემენტარულად „მწვანე ბარათის“ აღებაც, რადგან საბერძნეთში 25 წლის წინ, მასობრივად  ყველასთვის არც არსებობდა ამის კანონი (შეიძლება მხოლოდ გამონაკლისებს ჰქონდათ ლეგალიზაცია),  თვით საბერძნეთს არ ჰქონდა  ემიგრაციის  სამსახური,  გამოცდილება, იმდენი ემიგრანტი არასოდეს ჰყავდათ, რამდენიც შემდგომ პერიოდში არალეგალურად შევიდა ქვეყანაში.
წასვლამდე, უნივერსიტეტთან ერთად  პარალელურად  რამდენიმე  ჟურნალ –გაზეთთან ვთანამშრომლობდი, ვაქვეყნებდი სხვადასხვა სტატიას, ეს თანამშრომლობა საბერძნეთიდანაც განვაგრძე, ვაწვდიდი ინფორმაციებს, ძირითადად,  კულტურასა და ხელოვნების სფეროში, ვწერდი ჩვენს ემიგრანტებზე, საელჩოსა და საკონსულოში მომხდარ საინტერესო ფაქტებზე. შემდეგ  გავიარე აკრედიტაცია, რომელიც საკმაოდ რთულად გასავლელი  პროცედურაა, რადგან მთელი მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან  სულ 20  ჟურნალისტს ჰქონდა გავლილი. აკრედიტაციის გავლამ მომცა  ლეგალური ცხოვრებისა და მუშაობის უფლება, რაც უმნიშვნელოვანესი პირობა  იყო ჩემთვის, რადგან ბავშვთან ერთად ვიყავი, მას უნდა ესწავლა და ეცხოვრა ლეგალურად. საბუთების აღებამდე კი ჩემი ნათესავების მოწვევის საფუძველზე ვიზა მქონდა.
ერთ-ერთი პირველი  დაუვიწყარი ინტერვიუ ჩემთვის  უდიდეს მაესტროსთან –ოდისეი დიმიტრიადისთან იყო. ხელოვნების ცნობილ წარმომადგენელებთან, პოლიტიკოსებთან, სპორტსმენებთან, სხვადასხვა ქვეყნის ემიგრანტებთან სხვა მრავალი საინტერესო პროფესიის ადამიანთან ინტერვიუც ჩავწერე.
ჩემთვის  აგრეთვე ერთ-ერთი დაუვიწყარი  ინტერვიუ იყო აწ გარდაცვლილ  სახელოვან ბერძენ მხატვართან, გიორგოს მავროიდისთან,  მას, აგრეთვე, მეოცე საუკუნის ფაიუმს უწოდებდნენ, ის 35 წელი საბერძნეთის უმაღლესი სამხატვრო სასწავლებლის რექტორი გახლდათ. პიკასოს, სალვადორ დალის, მარია კალასის და მრავალი სახელოვანი ადამიანის მეგობარი, საბერძნეთის მეოცე საუკუნის ცოცხალი მემატიანე იყო. მან ჩემი რამდენიმე  პორტრეტიც დახატა.
–  ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გქონდათ სტიპენდია… და გაიარეთ პროგრამა – „ბერძნული ენა და კულტურა“. ეს ალბათ უბედნიერესი წლები იყო, იმ კულტურას, რაც ბავშვობიდან გიზიდავდათ, ეზიარეთ ახლოდან…
– პირველი  სასწავლო დაფინანსება საბერძნეთში სახელმწიფო სასტიპენდიო ფონდიდან მოვიპოვე, ათენში, ფილოსოფიის კათედრაზე პროგრამაზე – „ბერძნული ენა და კულტურა“ მოვხვდი კონკურსის გავლით. ის ერთი წელი მართლაც  დაუვიწყარია ჩემთვის,  თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ ბერძნული ენის, ისტორიისა და კულტურის შესასწავლად.  სწავლის პერიოდში საშუალება მომეცა, სრულიად უპრობლემოდ ენაც მესწავლა,  საბერძნეთის  ღირსშესანიშნაობები დამეთვალიერებინა, ქვეყანაც მომევლო და ახალი მეგობრებიც შემეძინა.
– სწავლა განაგრძეთ ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის ფაკულტეტზე. ამ კათედრაზე სამეცნიერო მუშაობას 17 წელი ეწეოდით… რატომ ფარმაკოლოგია?
– ერთწლიანი  სასწავლო პროგრამის – „ბერძნული ენა, კულტურა“ დამთავრების  შემდეგ მიღებული სერტიფიკატი  უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების საშუალებას გვაძლევდა.   იმ წელს პირველად დაემთხვა – საბერძნეთის განათლების სამინისტრომ  ორი სტიპენდია გამოყო საქართველოსთვის სამეცნიერო კვლევისათვის. რადგან მე ფიზქიმიის კათედრაზე ვმუშაობდი , ჩემი სამეცნიერო თემა უფრო ფარმაკოლოგიას მიესადაგა, ათენის  უნივერსიტეტის  ქიმიის კათედრიდან  პროფესორ მიხაილ რალლისთან გამიშვეს.
მინდა აღვნიშნო, მთელი ცხოვრება მიმართლებს და არაჩვეულებრივი ადამიანების გარემოცვაში  ვხვდები, სკოლიდან დაწყებული, ყველა ჩემს განვლილ გზაზე, რაც ყველა უარყოფითს ანეიტრალებდა.  ჩემი ხელმძღვანელი  პროფესორი მიხაილ  რალლისი, უდიდესი მეცნიერი, არაჩვეულებრივი ადამიანი და მთელი სამუშაო გუნდი,  რომლებთან ერთად 17 წელი ვიმუშავე (ეს იყო კვლევები, ხშირად 12- საათიანი, კონფერენციებზე გასვლა, ამით მინდა ვთქვა თითქმის მთელი დრო სამსახურში გავატარე). მარტო კარგი, დადებითი მახსოვს, ბევრი რამ ვისწავლე და დიდი გამოცდილება დავაგროვე, ფანტასტიკური მეგობრები შევიძინე.
ჩემთვის სამაგალითოები არიან ყველა ასპექტში, პროფესიონალები, ინტელექტუალურები, მეგბრულები, მათ გვერდით მე მიმსუბუქთებოდა სამშობლოსთან, ახლობლებთან, მეგობრებთან სიშორე. მინდა მათ უზარმაზარი მადლობა გადავუხადო და დიდი სურვილი მაქვს, ყველა ერთად მოვიწვიო  საქართველოში.
 – ბერძნულ-ქართული კულტურული ურთიერთობების საზოგადოება „კოლხეთის“ დამაარსებელი ხართ…
–  2002 წელს ათენში ჩამოვაყალიბეთ  ერთერთი პირველი დიასპორული  არასამთავრობო ორგანიზაცია, ბერძნულ-ქართული კულტურული ურთიერთობების საზოგადოება –„კოლხეთი“, რომელიც დღემდრ ემსახურება ქართულ-ბერძნული კულტურული ურთიერთობების დამყარებას და შემდეგ მის გაღრმავებას, ქართუ;ლი კულტურის პოპოულარიზაციას საბერძნეთში, აგრეთვე  განვახორციელეთ არაერთი საქველმოქმედო თუ სოციალური პროექტი ემიგრანტებისათვის, უამრავი საინტერესო  კულტურული ღონისძიება, ბერძენი და ქართველი წარმატებული, ცნობილი მხატვრების გამოფენები, ცნობილი არტისტების საბერძნეთში მიპატიჟება და საღამოებისა და კონცერტების ორგანიზება, გაერთიანებული ვარ 120 ბერძნულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და მჭიდროდ ვთანამშრომლობ მათთან და საერთაშორისო კულტურული მემვიდრეობის დაცვის საზოგადოება UNESCO -სთან. ვმონაწილეობ ყოველ წელს UNESCO -ს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფოლკლორულ  ფესტივალებში, ვიყავი ყოფილი საბჭოთა ქვეყნების კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორი, აგრეთვე ვთანამშრომლობ სხვადასხვა ქალაქისა და კუნძულების  მერიებთან, კულტურული ღონისძიებებში აქტიურად ვმონაწილეობთ.
– დააარსეთ  ემიგრაციის ინფორმაციისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრი  – „ხიდი“ და ემიგრანტებისთვის მრავალი საინტერესო პროექტი განახორციელეთ… დღესაც რამდენიმე პროექტს ახორციელებთ, რომელიც საბერძნეთს უკავშირდება… ვიცი, რომ გული დაგწყვიტეს…
–  4 მეგობართან ერთად  (თამრიკო ცინდელიანი, ნანა ლომიძე, ნატა ბერიშვილი, მარიკა ხალიანი), რომლებიც ძალიან წარმატებულები არიან სხვადასხვა სფეროში, 2013 წელს საქართველოში ჩამოვაყალიბეთ არასამთავრობო ორგანიზაცია  –„ხიდი“ და შედარებით  მცირე დროში 25 სერიოზული პროექტი განვახორციელეთ, რამდენიმე საერთაშორისო მნიშვნელობის, როგორც სამთავრობო, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, ძირითადად, სოციალური და საქველმოქმედო ემიგრანტებისთვის და  მიგრანტებისთვისათვის, კულტურული ღონისძიებები, როგორიცაა უცხოეთში წარმატებული ხელოვანების გამოფენები, ბევრს აღარ ჩამოვთვლი. სამწუხაროდ, ჩვენი განხორციელებული პროექტები,  ორგანიზაციებთან ერთად,  სამინისტროებმაც მიითვისეს, რაც ზოგჯერ ყველანაირ ენთუზიაზმს უკარგავს ადამიანს.
მრავალი საქველმოქმედო გამოფენისა და აუქციონის ავტორმა თავადაც დაიწყეთ ხატვა. თვითნასწავლი მხატვარი ხართ…
– როგორც ამბობენ,  „ყველა ცუდში კარგიც არის“. მთელი ცხოვრება მინდოდა მეხატა, მაგრამ ძალიან  დაკავებული ვიყავი, სხვადასხვა სფეროში ჩართული, ბავშვსაც მარტო ვზრდიდი, ერთი სამსახურიდან მეორეში გავრბოდი და ღონისძიებების ორგანიზებასაც ვასწრებდი, არც სპექტაკლებს, გამოფენებს, კონცერტებს ვაკლდებოდი. ამიტომ დროც არ მქონდა. მრავალი პროექტიდან ერთ-ერთიც  რომ უსინდისოდ მიითვისეს, გადავწყვიტე, ახალი რამ  დამეწყო, აი ამ ძიების დროს, ყურადღების გადასატანად და განსატვირთად  ხატვა დავიწყე, ჯერ მობილურში ვხატავდი, მერე კი ტილოზე გადავედი. რასაც ვხატავდი, მეგობრები მიწონებდნენ, მამხნევებდნენ, რამაც დიდი სტიმული მომცა.
1993 წლიდან როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ გამართულ  მრავალ პერსონალურ თუ ჯგუფურ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა, ცნობილ მხატვრებთან ერთად. ერთ წელიწადში საკმაოდ ბევრი ნამუშევარი მომიგროვდა, ჩემმა მეგობარმა, გულიკო გორდელაძემ მირჩია პერსონალური გამოფენის მოწყობა,  რომელიც ოქტომბერში საკმაოდ კარგად ჩატარდა.
ულამაზესი ფერწერული ნამუშევრების ავტორი ხართ. პერსონალური გამოფენაც გქონდათ… როდის ხატავთ და ელოდებით თუ არა შთაგონებას?
– ვხატავ უფრო ღამით, როდესაც  ჩემი აზრის კონცენტრირებას არავინ ხელს არ უშლის. ხატვა უზარმაზარი რელაქსაციაა, ამ დროს იხარჯები პოზიტიურად და ალბათ შენი განწყობასაც ტილოზე სიუჟეტითა და  ფერებით გადმოსცემ, მინდა უფრო საინტერესო ტილოების შექმნა, მაგრამ რატომღაც სულ მეჩქარება, რაც ხელს მიშლის ჩემი უფრო სერიოზული ჩანაფიქრის განსახორციელებლად.
– გყავთ ქალიშვილი, რომელმაც საბერძნეთში დაამთავრა სკოლა და უმაღლესი. თავადაც ხომ არ ხატავს?
– ქეთამ, მიუხედავად იმისა, რომ  ბავშვობიდან (4 წლის ასაკიდან რუსეთში, ხოლო მერე საბერძნეთში) საქართველოდან შორს ცხოვრობდა, ქართული ენა ზედმიწევნით კარგად იცის, ძალიან უყვარს  თავისი სამშობლო და მარტივად მოხდა მისი ადაბტაცია. აქაც  ჰყავს მეგობრები და საბერძნეთშიც, რადგან მან სკოლა და უმაღლესი იქ დაამთავრა. რა თქმა უნდა, საბერძნეთი მისთვის მეორე სამშობლოა, რაც ხელს არანაირად არ უშლის,  საქართველო უზომოდ უყვარდეს. ბავშვობაში საკმაოდ კარგად ხატავდა, ისრაელის საერთაშორისო კონკურსზეც  აიღო პრიზი, თუმცა ახლა უდროობის გამო ვერ ახერხებს, მაგრამ მიხარია, რომ ხატვის დიდი სურვილი აქვს. 
– თქვენი ოცნება?
– როგორც ყველა გურულს, მშვიდობა მინდა, ეკონომიურად გავძლიერდეთ, არ იყოს შუღლი და ღალატი, არცერთი ქართველი აღარ გარბოდეს უცხოეთში ემიგრანტად, გადასარჩენად, მხოლოდ დასასვენებლად, სასწავლებლად, ტურისტად და,  რა თქმა უნდა –  ჩემი შვილის ბედნიერება მინდა.
რას ეტყოდით ქართველ ემიგრანტებს?
– დასახონ უფრო კონკრეტულად  რეალური  გეგმები და ძალიან დიდი ხნით ნუ მიატოვებენ  ოჯახებს, შვილებს, რადგან ყველა პრობლემას ვერასოდეს ამოწურავ.
–  სამომავლოდ რას გეგმავთ?
– ორი საინტერესო პროექტი მაქვს, მაინც არ ვეშვები,როცა განვახორციელებ აუცილებლად გაგაგებინებთ.

 თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები