ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის არჩევის წესი იყო პოლიტიკური კომპრომისი და ის ძალაში რჩება

„ეს იყო ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი და რჩება ძალაში, თუმცა, გავიმეორებ, რომ ჩემი აზრით, ინსტიტუციური, სამართლებრივი და პოლიტიკური კუთხით უმჯობესი იქნებოდა, რომ სუბიექტი ყოფილიყო პარლამენტი”,- ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით პრეზიდენტის არჩევის წესზე საუბრისას განუცხადა.

„ჩემი აზრით, გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს ის პროცედურა, რომელიც არის დადგენილი. მოგეხსენებათ, ეს პროცედურა ჩამოყალიბებულია პოლიტიკური კომპრომისის და კონსესუსის ჩამოყალიბების სურვილით. საბოლოო ჯამში, პროცედურა არის ლეგიტიმური, რომელიც არის ასახული კონსტიტუციაში, თუმცა, მე პირადად მიმაჩნდა, რომ საპარლამენტო არჩევის წესი იქნებოდა უფრო სწორი ამ სისტემაში, რომელიც განსაზღვრულია კონსტიტუციით, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენ ავწონ-დავწონეთ როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური მხარეები ამ ყველაფრის და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ აისახოს ასეთი ცვლილება კონსტიტუციურ კანონში.

საუბარი იყო იმაზე, რომ გაფართოვდეს იმ პირთა წრე, რომელიც აირჩევს საქართველოს პრეზიდენტს, ნაცვლად 150 დეპუტატისა, ეს იქნება საარჩევნო კოლეგიის 300 წევრი. ეს იყო ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი და ეს რჩება ძალაში. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემი აზრით, უმჯობესი იქნებოდა ინსტიტუციური კუთხით, სამართლებრივი კუთხით, პოლიტიკური კუთხით, რომ პარლამენტი ყოფილიყო სუბიექტი, თუმცა, კიდევ ერთხელ, ჩვენ ერთად ვიმსჯელეთ, განვიხილეთ ეს საკითხი და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვოთ ძალაში ის პროცედურა, რომელიც ჩამოყალიბებულია უკვე დამტკიცებულ ტექსტში”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები