თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ილიაუნის სტუდენტები ეწვივნენ (ფოტოკოლაჟი)
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIB) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვივნენ. სკოლის წარმომადგენელი, დავით ძიძიშვილი მათ ჰიბრიდულ ომზე, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე ესაუბრა.
DIB-ის წარმომადგენელმა სტუდენტებს ჰიბრიდული ომის სპეციფიკის, წარმოების ხერხებისა და მასთან გამკლავების მეთოდების გარდა, ზოგადად, ომისა და საბრძოლო მოქმედებების ევოლუცია გააცნო და აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში გამართულ ლექციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკის მეცნიერებისა და სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტები დაესწრნენ.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) აკადემიურ წრეებთან და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებულ უმაღლეს სასწავლებლებთან აქტიურად თანამშრომლობს.