გიორგი კვირიკაშვილი: სახელმწიფომ და მთლიანად საზოგადოებამ უნდა ისაუბროს ახალგაზრდებთან

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოსწავლეებს შორის დაპირისპირებას, რასაც ორი არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სახელმწიფომ ყველა ზომა უნდა მიიღოს, რათა მსგავსი ტრაგედია არ განმეორდეს.
მისივე თქმით, ერთი რამ ცხადია, რომ სახელმწიფომ და მთლიანად საზოგადოებამ, უნდა ისაუბროს ახალგაზრდებთან.
“კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო იმ ტრაგედიას, რომელიც თბილისში დატრიალდა და რომელმაც 2 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ძალიან დიდი ტრაგედიაა და ყველანი შეძრულები ვართ ამით, მაგრამ მთავარია გავაანალიზოთ რა მოხდა. ის ფონი, რაც არის შექმნილი, საზოგადოების დამოკიდებულება, თვითონ ეს ბავშვებს შორის დაძაბულობის ფონი – ალბათ, გარკვეული ზომებია მისაღები და დამეთანხმებით, რომ ეს ზომები არ არის რომელიმე ერთი უწყების მხრიდან, თუნდაც მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების მიერ მისაღები. ჩვენ გვჭირდება, რომ კომპლექსურად გავაანალიზოთ ეს საკითხი და დროის მინიმალურ პერიოდში შევძლოთ, რომ ერთობლივად გავატაროთ ის ზომები, რომელიც პირველ რიგში, თავიდან აგვაცილებს ასეთ რამეს, პრევენციას მოახდენს, მაგრამ უფრო სიღრმისეულად შევხედოთ მიზეზებს, თუ რატომ ხდება ასეთი უბედურება ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ტრაგედიის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია, ბევრ მიზეზზე ვილაპარაკოთ. მე იმ გამოხმაურებების ქარიშხალს, რაც იყო, მთლიანად გავეცანი, მაგრამ ერთი რამ ცხადია, სახელმწიფომ და მთლიანად საზოგადოებამ უნდა ისაუბროს ახალგაზრდებთან. ჩვენ უნდა გავიგოთ მათი დამოკიდებულება, გავიგოთ მათი აზრი, როგორ უყურებენ ისინი ამ პრობლემას, რას ფიქრობენ, არამხოლოდ იმაზე, რომ ასეთი ძალადობა არ მოხდეს, არამედ, მთლიანად იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას, ჩვენი ოჯახების წინაშე დგას. ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდებთან საუბრით შეიძლება გავაკეთოთ დასკვნები და დავსახოთ სამომავლო სტრატეგიები,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს თხოვნით მიმართა, რომ მაქსიმალურად მოკლე პერიოდში გაააქტიურონ საუბარი ახალგაზრდებთან.
„გამოვიტანოთ სწორი დასკვნები და, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა ზომა, მათ შორის სამართალდამცავების კუთხით, რომ ასეთი ტრაგედია არ განმეორდეს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები