7 დეკემბერს, თბილისის ბაროკო ფესტივალი გრანდიოზული დასკვნითი კონცერტით დაიხურება

თბილისის ბაროკო ფესტივალი დასასრულს მიუახლოვდა და 7 დეკემბერს, 19:30 საათზე,  რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გრანდიოზული საზეიმო დასკვნითი კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეა მუქერიამ აცნობა, ფესტივალის მაპინძელ ორკესტრთან, „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად კონცერტში მონაწილეობენ: სერჯიო აზოლინი (ფაგოტი, იტალია), ჯოვანი დე ანჯელი (ჰობოი, იტალია), პრიშკა კომპლოი (ჰობოი, იტალია), აი იკედა (ფაგოტი, იაპონია) და დავიდე ამადიო (ჩელო, იტალია).
სერჯიო აზოლინი ფაგოტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ნოვატორი შემსრულებელია. იგი დაიბადა 1967 წელს ბოლცანოში (იტალია). განათლება მშობლიურ ქალაქში, კლაუდიო მონტევერდის სახელობის კონსერვატორიაში, რომანო სანტისთან დაიწყო. მოგვიანებით ის სწავლას აგრძელებს კლაუს ტუნემანთან ჰანოვერის მუსიკის უნივერსიტეტში. სწავლის პერიოდში პარალელურად ის ევროპის გაერთიანებული ორკესტრის პირველი ფაგოტი და რამდენიმე პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებული ხდება. მათ შორისაა: კარლ მარია ფონ ვებერის კონკურსი, „პრაღის გაზაფხულის“ კონკურსი და ARD. აზოლინი ათი წლის მანძილზე ცნობილ „მა-ალოტ კვინტეტთან“ (“Ma’alot Quintet”) ერთად მოღვაწეობდა. 2011 წელს მორის ბურგთან და კიმიკო იმანისთან ერთად ქმნის ტრიოს. ამავე დროს ის სოლო კარიერას მთლიანად უკავშირებს ბაროკოს ეპოქის მუსიკას და ინტენსიურად მუშაობს ძველებურ ინსტრუმენტებთან. როგორც ბაროკო ფაგოტის სოლისტი, ის ასევე თანამშრომლობს ძველი მუსიკის ანსამბლ Ensemble Baroque de Limoges – თან (ლიმოჟი, საფრანგეთი. ხელმძღვანელი – კრისტოფ კუანი), ასევე Sonatori de la Gioiosa Marca და საკუთარ ორკესტრებთან: L’Onda Armonica და La Stravaganza Köln. 2002 – დან 2007 წლამდე სერჯიო აზოლინის ეკავა გერმანული ორკესტრის Kammerakademie Potsdam – ის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა. 1998 წლიდან დღემდე აზოლინი ბაზელის მუსიკალური უნივერსიტეტის (შვეიცარია) პროფესორია. სერჯიო აზოლინი მრავალი პრესტიჟული პრემიითაა დაჯილდოებული ჩანაწერებისთვის, რომლებიც უჩვეულო სტილისტური მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
ჯოვანი დე ანჯელი დაიბადა 1967 წელს ტურინში (იტალია). მან მუსიკის სწავლა დაიწყო თავის მშობლიურ ქალაქში. შემდეგ სწავლა განაგრძო ჰანოვერში ინგო გორიცკისთან და საბოლოოდ სოლისტის ხარისხით სწავლა დაამთავრა ჟენევაში, მორის ბურგის ხელმძღვანელობით. ჯოვანი დე ანჯელი არაერთი საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებულია („Sony“ ტოკიოში და პრაღაში „Spring“). იგი ცნობილი სოლისტია და მსოფლიოს საუკეთესო დარბაზებში მართავს კონცერტებს. ჯოვანი დე ანჯელი გახლდათ ფლორენციის ორკესტრის – „Orchestra della Toscana“-ს სოლისტი. მიუხედავად იმისა, რომ ჯოვანი ყოველთვის საუკეთესო ორკესტრების სოლო ჰობოისტი იყო, მას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ისტორიულ ინსტრუმენტებთან (ბაროკო და კლასიკური ჰობოი). ჯოვანი დე ანჯელი ისეთი ჩამწერი სტუდიების არტისტია, როგორიც არის Fone, Brilliant და BMG Sony.
„დასკვნით საღამოზე დრეზდენის სამეფო კარის მუსიკოსების: ი. დ. ზელენკას, ი. ფ. ფაშის და ი. გ. პიზენდელის ნაწარმოებები შესრულდება. სამეფო მუსიკა კი ნამდვილად შეგიქმნით საზეიმო განწყობას და ეს ჯადოსნური ბაროკოს ზღაპარიც ასე დასრულდება 2017 წელს. მომავალ ფესტივალზე კი ახალ ჯადოქრობას ველით“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები