„ჩვენ – ყველანი ერთად ექვთიმეს ლაშქარში ვართ!“ (ვიდეო)

ახალი ქართული ფილმის – „ექვთიმე ღვთისკაცის“ გადაღებები და მონტაჟი დასრულდა. ფილმს სჭირდება უმაღლესი დონის ხმის დიზაინი, საბოლოო მონტაჟი და ფერების კორექცია, რომ 5 იანვარს, ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების დღეს გავიდეს კინოთეატრებში, – ამის შესახებ ფილმის რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე სოციალურ ქსელში წერს.
ახალგაზრდა რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე ორნახევარი წლის განმავლობაში იღებდა მხატვრულ ფილმს ექვთიმე თაყაიშვილზე. იგი მოუწოდებდა საზოგადოებას, დახმარებოდა შემოქმედებით ჯგუფს მატერიალურად, რომ ეროვნული სულისკვეთების პროექტი დასრულებულიყო.
ჯერ კიდევ გადაღებების დასრულების დღეს, 15 სექტემბერს, რეჟისორმა ასე მიმართა გულშემატკივრებს:
„გილოცავთ, თანამებრძოლებო! შევასრულეთ ჩვენი მისია და პირობა და ჩვენ გავიმარჯვეთ! როგორც ექვთიმე არ გატყდა, ისე ჩვენ არ გავტყდით ამ 2,5 წლის მანძილზე. უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, ბოლომდე ვიბრძოლეთ და გავაცოცხლეთ ექვთიმე თაყაიშვილისა და ქართული საგანძურის გამორჩეული ისტორია.
2017 წლის 15 სექტემბერს, ფილმის გადაღებების ბოლო დღეს, მე მივხვდი, რომ ქართული საზოგადოების ერთად დგომას უდიდესი ეროვნული საქმეების კეთება შეუძლია! მინდა ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის ყველა წევრსა და სრულიად ექვთიმეს ლაშქარს, თითოეულ ქველმოქმედ მხარდამჭერს გადაგეხვიოთ, გულითადი მადლობა გითხრათ ასეთი ნდობისა და ერთგულებისთვის. ჩვენ შეუძლებელი შევძელით და ვფიქრობ, სრულად მივაგეთ ჩვენი პატივისცემა და სიყვარული ქართველი ერისა მსოფლიოს გამორჩეულ, სამაგალითო და პატრიოტ პიროვნებას – ექვთიმე თაყაიშვილს “ღვთისკაცს”! შევხვდებით მალე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის კინოთეატრში“.
ამ სტატუსიდან ორი თვის შემდეგ კი, რეჟისორი უდიდეს მადლობას უხდის ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის თითოეულ წევრს, მხარდამჭერ კომპანიებსა და 7000-ზე მეტ პატრიოტ მოქალაქეს ქველმოქმედებისთვის.
„ჩვენ ეს გამარჯვება ქართველ ხალხთან ერთად შევძელით! სრულად გადავიღეთ და გავაცოცხლეთ ექვთიმე თაყაიშვილისა და ქართული საგანძურის გამორჩეული ისტორია. უდიდესი მადლობა ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის თითოეულ წევრს, მხარდამჭერ კომპანიებსა და 7000-ზე მეტ პატრიოტ მოქალაქეს ასეთი ნდობის, გულწრფელი თანადგომისა და თქვენი ქველმოქმედებისთვის. ჩვენ ყველანი ერთად ექვთიმეს ლაშქარში ვართ!
მაგრამ საბოლოო გამარჯვებამდე კიდევ ერთი ბრძოლა დაგვრჩა, რომ 5 იანვარს, ექვთიმეს დაბადების დღეს ფილმი დადგეს კინოთეატრებში. ფილმს სჭირდება უმაღლესი დონის ხმის დიზაინი, საბოლოო მონტაჟი და ფერების კორექცია, რომლებზე მუშაობაც ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს და შესაგროვებელი გვაქვს 60,000 ლარი. ჩვენი თხოვნა არის, რომ კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ. ეს არის ფილმის საბანკო ანგარიში ლარში: “თიბისი ბანკი” / № GE66 TB70 6673 6020 1000 04 . მიმღები – “დაკარგული ლეგენდები”. შევხვდებით მალე კინოთეატრებში“, – წერს ნიკოლოზ ხომასურიძე.
ფილმი დაფუძნებულია გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, პედაგოგის, მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების რეალურ ფაქტებსა და ისტორიებზე. ეს არის ისტორიულ – ბიოგრაფიული ფილმი და სიყვარულის საოცარი ამბავი ექვთიმე თაყაიშვილზე, რომელმაც საფრანგეთში 24- წლიანი ემიგრაციის განმავლობაში დიდი ბრძოლისა და გაჭირვების ფასად უდანაკარგოდ დაიცვა და შეინარჩუნა უნიკალური ქართული საგანძური და არტეფაქტები. ფილმის რეჟისორია ნიკოლოზ ხომასურიძეა, ფილმში მონაწილეობენ მსახიობები: რეზო ჩხიკვიშვილი, ლაშა კანკავა, დათო ბეკოშვილი და სხვები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები