კახა კალაძე: თბილისში ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამები დაიწყება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2018 წლის მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა იქნება.
როგორც კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, განხორციელდება ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის 32 პროგრამა, მათ შორის, ის ორი დამატებითი პროგრამა, რომელიც წინასაარჩევნოდ იქნა აღნიშნული, ესენია: ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი და ღვიძლის ტრანსპლანტაცია.

სხდომაზე მერმა თბილისის ბიუჯეტზეც ისაუბრა. მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს მიმდინარე კვირის ბოლოს გადაეგზავნება და 2018 წლის განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტი, ჯამში, 60 მილიონი ლარით გაიზრდება. აქედან ფინანსთა სამინისტროს ტრანსფერი 14 მილიონი ლარი, სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების მიზნით, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ საწესდებო კაპიტალში წელსვე აისახება და ვაგონების მოდერნიზება-რეკონსტრუქციას მოხმარდება, ხოლო 46 მილიონი ლარი 2018 წლის ბიუჯეტში პირდაპირი წესით აისახება და ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობისკენ მიემართება.

გარდა ამისა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული ხარჯები წარდგენილ ბიუჯეტთან შედარებით, რომელიც 282 მილიონ ლარს შეადგენდა, 55 მილიონი ლარით გაიზრდება და 337 მილიონ ლარს შეადგენს.

მნიშვნელოვნად გაიზრდება გამწვანების ღონისძიებებისთვის განკუთვნილი თანხებიც – 2,9 მილიონი ლარიდან 9 მილიონ ლარამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები