საქართველოს რუმინეთის გენერალური შტაბის უფროსი ნიკოლაი იონელ ჩიუკა ესტუმრა

საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, რუმინეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ნიკოლაი იონელ ჩიუკა ესტუმრა. რუმინელ კოლეგას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, რუმინელმა გენერალმა თავდაცვის უწყების შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერი დატოვა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გენერალურ შტაბში ქართველ და რუმინელ კოლეგებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.

გენერლებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. მათ ასევე, მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზე ისაუბრეს. საქართველოსა და რუმინეთის გენერალური შტაბის უფროსებმა, სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობასა და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზეც გაამახვილეს ყურადღება.

რუმინეთის გენერალური შტაბის უფროსი გმირთა მოედანზეც იმყოფებოდა. გენერალმა ნიკოლაი იონელ ჩიუკამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები