“ევროკავშირი თავისი ქვეყნების მიმართ მშვიდობას, სტაბილურობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს”

თბილისი საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას „ევროკავშირი და პარტნიორები – მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის” მასპინძლობს. ორი დღის განმავლობაში 17 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე არსებულ ვალდებულებს, გამოწვევებს და დღის წესრიგს განიხილავს.

საპარლამენტო კონფერენცია გახსნითი ნაწილის შემდეგ სესიების მუშაობით გაგრძელდა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას მოდერატორობით გამართული პირველი სესია – „ევროპული ინტეგრაცია – მამოძრავებელი ძალა ძლიერი დემოკრატიისა და კეთილდღეობისთვის” ასოცირების შესახებ შეთანხმებებისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის სხვა ინსტრუმენტების ფარგლებში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მიმოხილვას დაეთმო.

აღნიშნული სესია მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარის, ივან ბრაიოვიჩის გამოსვლით გაიხსნა, რომელმაც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მონტენეგროს განვლილ გზაზე და ქვეყნის გამოცდილებაზე ისაუბრა.

„ევროკავშირი თავისი ქვეყნების მიმართ მშვიდობას, სტაბილურობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს. მიმაჩნია, რომ ნატოს და ევროკავშირის წევრობა განუყოფელია, რადგან ორივე ორგანიზაციას იდენტური მისწრაფებები აერთიანებს”, – განაცხადა მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მანვე ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე განვლილი პროცესები შეაჯამა და იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებმაც, მისივე განცხადებით, მონტენეგრო ბალკანეთის რეგიონში ლიდერ ქვეყანად აქცია.

„მონტენეგროს წარმატება მნიშვნელოვნად აისახება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, არამედ ჩვენ მეზობელ სახელმწიფოებზეც, რომლებთანაც ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა და ურთიერთობები გვაკავშირებს. ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ ჩვენი ინსტიტუციების გაძლიერებას და ჩვენს მიზანს ევროკავშირის სრული წევრობა წარმოადგენს”, – აღნიშნა ივან ბრაიოვიჩმა.

დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი გააცნო სტუმრებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.

კონფერენციის სესიაზე გამოსვლისას, მომხსენებელმა, უკვე განხორციელებულ რეფორმებზე და ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად, საქართველო ლიდერ ქვეყანად ჩამოყალიბდა არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, რაც სწორად მიმართული პოლიტიკის და რეფორმების შედეგია.

„საქართველომ კანონის ჰარმონიზაციის კუთხით ბევრი ცვლილება განახორციელა და ევროპული სტანდარტების ახალი კანონები შეიმუშავა. რეფორმების შედეგად ისეთი ქვეყნების რიგში შევედით, რომლებსაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და შენგენის ქვეყნებთან უვიზოდ მიმოსვლა აკავშირებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ევროკავშირის გვერდით დგომით და საქართველოს დაუღალავი შრომის შედეგია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების საკითხებზე, მართლმსაჯულების რეფორმასა და დამოუკიდებელი სასამართლოს ფორმირებისთვის. ამასთან ერთად მუშაობა გრძელდება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების, საგადასახადო რეფორმის და ესტონური მოდელის შემოღებაზე. ხელს ვუწყობთ ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას, რათა ქართველმა ფერმერებმა ევროკავშირის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის გატანა შეძლოს”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ევროკავშირთან უკრაინის ინტეგრაციის პროცესი და ამ გზაზე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა უკრაინის უმაღლესი რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბორის ტარასიუკმა. მისი განცხადებით, საქართველოს და უკრაინის მტკიცე მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს და სამწუხაროა, რომ ამ ორი ქვეყნის და ევროკავშირის ისეთი ურთიერთობა არ შედგა, როგორიც ევროპულ ინსტიტუტებს ცენტრალური ევროპის და ბალტიის ქვეყნებს შორის აქვთ. გამომსვლელმა უკრაინა-ევროკავშირის ურთიერთობების შეფასებისას, აღნიშნა რომ 2017 წელი ამ კუთხით უკრაინისთვის მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან სწორედ მიმდინარე წლის განმავლობაში გაფორმდა ასოცირების შეთანხმება და შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის ხელშეკრულება.

„ეს არის ის შედეგები, რისი მოლოდინიც ჰქონდა უკრაინელ ხალხს, როდესაც ისინი ევრომაიდანზე გამართული აქციებით მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებდნენ”, – განაცხადა ბორის ტარასიუკმა. მანვე უკრაინის წინაშე ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან თავს მოხვეული ომის შედეგად, ქვეყანამ ათასობით ადამიანი დაკარგა, 6 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირი და ეკონომიკის 20%-ის ზარალი მიიღო.

ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების და რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა სესიის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლიტვის რესპუბლიკის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ლიტვის სეიმის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ,ანდრიუს კუბილიუსმა.

მისი განცხადებით, პარტნიორმა ქვეყნებმა სასურველი შედეგის მისაღწევად ხანგრძლივი მუშაობა და მიზანმიმართული რეფორმების განხორციელება უნდა გააგრძელონ. მისივე შეფასებით, წლების წინ, როდესაც ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მყოფი ქვეყნები დემოკრატიული რეფორმების იმპლემენტაციას ეწეოდნენ, მაშინ მათთვის მიზანი ცნობილი იყო და ეს ასოცირების შეთანხმების და უვიზოდ მიმოსვლის ხელშეკრულების გაფორმება იყო. დღეს კი, როდესაც ეს შედეგი უკვე მიღწეულია, წინ ევროკავშირის სრული წევრობა რჩება, რაც არც თუ მოკლე პერიოდს მოიცავს და ამიტომ პარტნიორი ქვეყნები მიმდინარე რეფორმების შედეგებს და ინტეგრაციის შემდგომ ეტაპებს მოთმინებით უნდა დაელოდნონ.

საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციის პირველ სესიაზე მოხსენებებით რუმინეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის პლეზიდენტი, გაბრიელა კრეტუ და ევროპარლამენტის წევრი, კლედ მუდი წარსდგნენ. მომხსენებლებმა ევროკავშირის, როგორც ინსტიტუტის და ერთიანი სისტემის ღირებულებებზე, მისი განვითარების პერსპექტივებზე და ასოცირების პროცესში მყოფი პარტნიორი ქვეყნების სამოქმედო გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ძირითადი მომხსენებლების შემდეგ სესია დისკუსიის ფონზე კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები