თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან სოლიდარობის აქცია იმართება

არასრულწლოვნებს შორის ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს მოკლული ბავშვების ოჯახებისადმი სოლიდარობის ნიშნად, 51-ე სკოლასთან აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები სკოლასთან სანთლებს ანთებენ. მათ აქ ყვავილებიც მიიტანეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ამ ფორმით ცდილობენ, დაანახონ სახელმწიფოს და ახალგაზრდებს, რომ ცივილიზებული პასუხი სურთ იმაზე, რაც 1 დეკემბერს მოხდა, რათა მომავალში სხვა ბავშვების სიცოცხლე მაინც დაიცვან.
„ვიკრიბებით იმისათვის, რომ ჩვენი ტკივილი, მსხვერპლთა ოჯახებისადმი სოლიდარობა და გამოძიების პროცესისადმი ჯანსაღი სამოქალაქო ინტერესი გამოვხატოთ“, -აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი იმავე დღეს საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე გუშინ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურამ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე ორი არასრულწლოვანი პირი – გ.ბ. და გ.ჯ. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. გ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, ხოლო გ.ჯ. იმავე მუხლით ბრალდებულად დაუსწრებლად იქნა ცნობილი, ვინაიდან იგი ემალება გამოძიებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები