ვანო ზარდიაშვილი: სიცრუეა, რომ ვერაზე მომხდარი დანაშაულის მონაწილე პროკურორის შვილია

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვერაზე მომხდარ საზარელ მკვლელობაში მონაწილე ერთ-ერთი პირი პროკურორის შვილია და მას საგამოძიებო უწყება ხელს აფარებს, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი – ვანო ზარდიაშვილი სიცრუეს უწოდებს.
როგორც ზარდიაშვილმა „კვირასთან“ საუბარში განაცხადა, არსებული ხელისუფლების პირობებში, პროკურატურა ობიექტურ გამოძიებას აწარმოებს და ასე იქნება ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. დეპუტატის თქმით, ყველა დამნაშავე გამოვლინდება და მკაცრად დაისჯება.
„პირველ რიგში, ვუსამძიმრებ გარდაცვლილი მოზარდების ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მთლიანად ქართულ საზოგადოებას. რაც შეეხება ელისო კილაძის “ჭორნიუსს”, რომ თითქოს პროკურორის შვილია ამ ყველაფერში დამნაშავე და მას ხელს აფარებს ქართული საგამოძიებო ორგანო, ეს არის სიცრუეა. რაც შეეხება დღევანდელ პროკურატურას, სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი შოთაძის პროკურატურის პირობებში, არაერთი მაღალჩინოსნის, მათ შორის პროკურორისა თუ მოსამართლის შვილი, ახლობელია დაკავებული და ბრალწაყენებული. შემიძლია გარანტირებულად ვთქვა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც დამნაშავეები იქნებიან მკაცრად დასჯილი და მათ ვერანაირი მდგომარეობა ვერ დაიცავს. საზოგადოებას პირობას ვაძლევთ, რომ ეს დანაშაული ძალიან სწრაფად და ობიექტურად იქნება გამოძიებული და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. რაც შეეხება ზოგადად სახელმწიფოს მიდგომას – ხელისუფლებამ, სამოქალაქო საზოგადოებამ აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს ამისთვის უნდა გატარდეს პრევენციული ღონისძიებები“, – აღნიშნა ვანო ზარდიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ვერც მისი გადარჩენა მოხერხდა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები