“ერთად მეტის მიღწევა შეგვიძლია, უფრო მეტი ძალა გვაქვს და შეგვიძლია უფრო სწრაფად დავუახლოვდეთ ევროკავშირს”

მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა, პაველ ფილიპმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს ერთობლივ პრესკონფერენციაზე სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოს და მოლდოვას ერთად მეტის მიღწევა შეუძლიათ, მეტი ძალა აქვთ და ევროკავშირთან უფრო სწრაფად დაახლოებაა შესაძლებელი.
პრესკონფერენციაზე მოლდოვას პრემიერმა თბილი მიღებისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყანაში თავს ძალიან კარგად გრძნობს.
“მქონდა შესაძლებლობა დავრწმუნებულიყავი საქართველოს სტუმართმოყვარეობაში. საქართველო არის ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი, არა მხოლოდ პარტნიორი, არამედ ძალიან ერთგული მხარდამჭერი. ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში, თუმცა ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია გვაქვს ხარისხიანი კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრების დონეზე. გიორგი კვირიკაშვილი ხშირად მეკონტაქტება და ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ საერთო პრობლემებზე და მიზნებზე. ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რადგან აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ურთიერთობები ძალიან კარგად მიმდინარეობს და მეგობრობა ძალიან დიდი ხანია გრძელდება“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობის ძალიან ბევრი ასპექტი, მათ შორის პოლიტიკურ, კულტურულ სფეროებში, ასევე ინსტიტუციების სფეროში თანამშრომლობაზე.
“არსებობს ძალიან ბევრი საშუალება, რომ განვავითაროთ ეს ურთიერთობა, დავიწყეთ სახელმწიფოთაშორისი კომისიის თანამშრომლობა და მოხარული ვარ, რომ ეს პროცესი წამოვიწყეთ. ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა, რომ აღმოიფხვრას ბარიერები ჩვენს ურთიერთობაში, როგორიც არის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები“, – აღნიშნა პრემიერმა და აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მისი თქმით, საქართველოში იმყოფებიან ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც მიიღეს ინფორმაცია ქართველი კოლეგებისგან.
“იმისათვის, რომ ამ კუთხით შევძლოთ ხელსაყრელი ურთიერთობა, ხელი მოვაწერეთ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ დეკლარაციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისათვის, რადგან ეს ინვესტორებისთვის საინტერესოა და საფუძველს უყრის ბარიერების აღმოფხვრას. ჩვენ გვაქვს ასევე მნიშვნელოვანი სტრუქტურული მსგავსებები ქვეყნებს შორის. შევთანხმდით, რომ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს ამ მიმართულებით, რადგან ორივე ქვეყანას გვაქვს ევროინტეგრაციის საერთო მიზანი. ერთად შეგვიძლია მეტის მიღწევა, გვაქვს უფრო მეტი ძალა და შეგვიძლია უფრო სწრაფად დავუახლოვდეთ ევროკავშირს“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები