რატი იონათამიშვილი: თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ჩვენი ღირსებისა და ყოველდღიური საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა

საქართველოს პარლამენტის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, პარლამენტის უშუალო პასუხისმგებლობა და ვალდებულება პროცესებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჩართულობის უზრუნველყოფაა. პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა გუშინ, გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის ფარგლებში, პარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ღონისძიებაზე ამ მიმართულებით რამდენიმე მთავარი საკითხი გამოიკვეთა, რომლებზეც მუშაობა უკვე დაწყებულია.

„ჩვენ 50-ზე მეტ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციას წარვუდგინეთ პარლამენტის თბილისის დარბაზის ადაპტირების კონცეფცია, რომლის მიხედვითაც პარლამენტი სრულიად და თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება ყველა კატეგორიისა და საჭიროების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ცხადია, ამით ჩვენ თავს არ ვიწონებთ, ეს არის ჩვენი უშუალო პასუხისმგებლობა და ვალდებულება და ამ პროცესების განხორციელებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჩართულობა და მათი ექსპერტული ცოდნის გათვალისწინება იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. აქვე მინდა ვთქვა, რომ ამ შეხვედრის დროს გამოიკვეთა სამი საკითხი, რომლის ლობირებასაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემი გვთხოვდა – ეს არის გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, შეზღუდული შესაძლებლობის სამედიცინო და სოციალურ მოდელზე გადასვლა და ადაპტირების სტანდარტებისა და განსაკუთრებით, აღსრულების ეფექტური მექანიზმების შემუშავება”,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა. მისივე თქმით, მმართველი გუნდი შესაბამისი ინიციატივებით საზოგადოების წინაშე უახლოეს მომავალში წარდგება.

აქვე დეპუტატი პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის არჩევის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, სამოქალაქო სექტორის მიერ შემოთავაზებული ომბუდსმენის კანდიდატურის მხარდაჭერით, მმართველმა გუნდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროცესების და ღირებულებების განვითარებაა.

„ჩვენმა გუნდმა უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენთვის ყველაზე მაღლა ჩვენი ქვეყნის ინტერესები დგას. ამ პრინციპით ვხელმძღვანელობდით და ეს პრინციპი გასდევდა ლაიტმოტივად საკონსტიტუციო რეფორმის საკითხს და იქ ამ პრინციპით ვხელმძღვანელობდით, როდესაც ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ სახალხო დამცველის პოზიციაზე მხარს დავუჭერდით სამოქალაქო საზოგადოების მიერ შემოთავაზებულ კანდიდატურას და არ ვიხელძღვანელებდით გუნდის წევრობის ნიშნით, რადგან ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების და ღირებულებების განვითარებაა და ამ პროცესებში სახალხო დამცველის ინსტიტუტს ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური როლი გააჩნია”,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები