„დაზარალებულთა კვირეულის“ ფარგლებში დაზარალებულთა უფლებების შესახებ საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე „დაზარალებულთა კვირეულის“ ფარგლებში, ქ. თბილისის მერიაში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქის იუსტიციის სახლებში, საქართველოს პროკურორებმა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებთან ერთად, ოჯახში ძალადობის და დაზარალებულთა უფლებების შესახებ საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს. საქართველოს პროკურატურის მიერ კვირეულის ფარგლებში დამზადებულ საინფორმაციო ბროშურებში დაზარალებულის უფლებების, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ფუნქციებისა და მათი საკონტაქტო მონაცემების შესახებ ინფორმაციაა მოცემული. ღონისძიების მსვლელობისას მოქალაქეებს ასევე გადაეცათ სამაჯურები კვირეულის სლოგანით ,,დაინახე, განაცხადე, შეაჩერე!“.
პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურაში მოწმისა და დაზარალებულის 19 კოორდინატორი მუშაობს, რომლებიც დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირებს სამართალწამოების პროცესში მონაწილეობას უმარტივებენ, გამოძიების მიმდინარეობისა და სასამართლო განხილვის შესახებ მუდმივ რეჟიმში აწვდიან ინფორმაციას, ემოციურად ამზადებენ მათ ჩვენების მისაცემად და მათთვის საჭირო სერვისების მოძიებაში ეხმარებიან.
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2017 წლის 27 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით „დაზარალებულთა კვირეული“ იმართება. კვირეულის ფარგლებში თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არაერთი ღონისძიება განხორციელდება, მათ შორის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან, სტუდენტებთან და მოსახლეობასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები