ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი – მხარს ვუჭერთ საქართველოს ამოცანას, განავითაროს ევროპასა და აზიას შორის სატრანზიტო კორიდორი და გახდეს ბიზნესის ცენტრი

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ამოცანას, განავითაროს თავისი სატრანზიტო კორიდორი ევროპასა და აზიას შორის და ამავდროულად, გახდეს ბიზნესის ცენტრი, – ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა თბილისში, აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპის საინვესტიციო ბანკი მხარს უჭერს ინფრასტრუქტურის განახლებასა და გაუმჯობესებას ევრაზიულ რეგიონში.
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ალბათ, საჭიროა მეტი ტრანსსაზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც გახსნის უფრო მეტ სარგებელს ყველასთვის. ჩვენი ბანკი არის მოწადინებული, რომ მან მხარი დაუჭიროს სინერგიის შექმნას და ამ ინიციატივას სახელწოდებით „ერთი სარტყელი – ერთი გზა“, – განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ძალზე სიმბოლურია, რომ ეს ფორუმი საქართველოში ტარდება, ვინაიდან „საქართველო ეს არის დამაკავშირებელი ელემენტი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“.
„ამავდროულად, ეს არის ქვეყანა, რომელიც იზრდება, რომელიც ახდენს მისი ქვეყნის მოდერნიზებას. ჩვენ უკვე გრძელვადიანი ინვესტორები ვართ და გვჯერა მისი სტაბილურობის, მისი მომავლის, მისი სტრატეგიის. ევროპის საინვესტიციო ბანკი წელს უკვე იზეიმებს 10 წლის საქმიანობას საქართველოში“, – განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მრავალი პროექტი იქნა განხორციელებული.
ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან და კერძო სექტორთან არის შესანიშნავი.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ამოცანას, განავითაროს თავისი სატრანზიტო კორიდორი ევროპასა და აზიას შორის და ამავდროულად, გახდეს ბიზნესის ცენტრი. ამ შემთხვევაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ განვითარდეს ეს ინიციატივა „ერთი სარტყელი – ერთი გზა“, – ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები