გენერალ-მაიორი ჯოზეფ ჯერარდი თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით დაჯილდოვდა

საქართველოში ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაცია იმყოფება. დელეგაციის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი ჯოზეფ ჯერარდი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „გენერალი მაზნიაშვილი“ დააჯილდოვა. გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ამერიკელ გენერალს საქართველოს მხარდაჭერისთვის, თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის განვითარების საქმეში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაჯილდოების შემდეგ, ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაციის წევრებმა გენერალური შტაბის უფროსთან შეხვედრა გამართეს.
მხარეებმა საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიისა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ხვალ ამერიკელ გენერალს საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე უმასპინძლებს. საქართველოს ეროვნული გვარდია აშშ-ის არმიის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან 1993 წლიდან თანამშრომლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები