გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოსთვის უდიდესი პატივია უმასპინძლოს ასეთ წარმომადგენლობით დელეგაციებს

“საქართველოსთვის უდიდესი პატივია უმასპინძლოს ასეთ წარმომადგენლობით დელეგაციებს” – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას დელეგატებს.
მისივე თქმით, საქართველო, ისტორიულად, მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკონომიკას და კულტურას.
”კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში. ჩვენთვის უდიდესი პატივია, ასეთ წარმომადგენლობით დელეგაციებს ვუმასპინძლოთ თბილისის „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე, რომელიც წელს „სარტყელი და გზის“ სახელით იმართება.
მსურს, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ ფორუმში მონაწილეობისთვის.
საქართველო, ისტორიულად, მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკონომიკებს და კულტურებს. ჩვენ ბევრი სირთულე გადავლახეთ ათასწლეულების მანძილზე და შევინარჩუნეთ ჩვენი დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა, ჩვენი ტოლერანტობით, თანამშრომლობით და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენების უნარით.
დღეს, მსოფლიო, ისევე, როგორც ევროპა და აზია, კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, თუმცა, ასევე მრავლადაა შესაძლებლობები მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის.
ჩვენი ფორუმის მიზანია, რომ სწორედ ეს შესაძლებლობები აღმოვაჩინოთ ყველამ ერთად და გადავდგათ ნაბიჯები ჩვენი ქვეყნების და ხალხების უკეთესი მომავლისათვის”, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.
28-29 ნოემბერს, „თბილისის აბრეშუმის გზის“ რიგით მეორე ფორუმი მიმდინარეობს, რომელშიც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის, 1100 კერძო სექტორს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ფორუმში მონაწილეობს 500-ზე მეტი უცხოური კომპანიის წარმომადგენელი.
ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები