„გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გაყოფა და სხვა უწყებებთან შეერთება ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს“

არასამთავრობო ორგანიზაცია – „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე თვლის, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გაყოფა და მათი ფუნქციების სხვა უწყებებთან შეერთება დაუშვებელია.
როგორც ჩხობაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროს ეკონომიკის სამინისტროსთან და გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეერთება, ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები საკითხზე პრემიერთან შეხვედრას და, კანონპროექტის განხილვისას, კომიტეტებისა და ფრაქციების სხდომებზე დასწრებას ითხოვენ.
„არასამთავრობო სექტორსა და პარლამენტის წარმომადგენლებს შორის შედგა შეხვედრა. ვითხოვთ, რომ საკომიტეტო განხილვებისას და ფრაქციების სხდომებზე მოგვეცეს დასწრების და ჩვენი პოზიციების დაფიქსირების საშუალება. შევჯერდით, რომ ვიქნებით აქტიური მონაწილეები აღნიშნული საკითხის განხილვისას. გვეუბნებიან, რომ უწყების გაუქმება არ იგეგმება, იგეგმება შერწყმა, თუმცა იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც ჩვენი ქვეყანაა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გაყოფა და სხვა უწყებებთან შერწყმა არ შეიძლება.
ეს ნაბიჯი ორივე მიმართულებას დაასუსტებს. ამასთან, ბუნებრივი რესურსების დაცვის დარგი არ შეიძლება, გადავიდეს ეკონომიკის სამინისტროს ხელში. ეს გამოიწვევს ინტერესთა კონფლიქტს. იმიტომ, რომ დღეს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია ტრანსპორტის,ურბანული განვითარების სფერო, ენერგეტიკის სამინისტრო და ა.შ. ასევე, არის საშიშროება,რომ ამ ნაბიჯებმა შეანელოს ევროინტეგრაციის პროცესი. ჩვენი სურვილია, რომ ავირიდოთ ინტერესთა კონფლიქტები სფეროებში, დავტოვოთ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფერო დამოუკიდებელ უწყებად. დღეს, ამ მოწოდებით გამოქვეყნდება განცხადება, რომელსაც 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებს გვაქვს სურვილი, რომ პრემიერსაც შევხვდეთ და დავარწმუნოთ ჩვენი მოსაზრებების სისწორეში“, – განაცხადა ჩხობაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები