უჩა ნანუაშვილი: სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები სპეცოპერაციის დროს დაკავებულს ახლო მომავალში შეხვდებიან

„ახმედ ჩატაევი სასამართლომ გაათავისუფლა, რადგან ვერ დადგინდა კონკრეტული დანაშაულის ნიშნები, რის გამოც ის იყო დაკავებული“, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ჩატაევი რამდენიმე წლის შემდეგ შევიდა ტერორისტთა სიაში.
უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ჩატაევი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი მებრძოლი გახდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ გაათავისუფლა და საქართველო დატოვა.
უჩა ნანუაშვილს სპეცოპერაციაში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვს. მისი თქმით, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები დაკავებულს უახლოეს პერიოდში მოინახულებენ და შეეცდებიან, საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოიპოვონ.
„ამ ეტაპზე, სახალხო დამცველს რაიმე კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს, ამიტომ ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. რაც შეეხება ჩატაევს, სასამართლომ გაათავისუფლა, რადგან ვერ დადგინდა კონკრეტული დანაშაულის ნიშნები, რის გამოც ის იყო დაკავებული. ეს იყო ის მოცემულობა, რომელიც იმ პერიოდში სასამართლომ დაადგინა და გაამართლა. დროს ნუ ვურევთ, ის იყო სხვა დროს, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, დაკავებული. როგორც მახსოვს, საქმეში იყო მესაზღვრეების ჩვენებები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჩატაევის წინააღმდეგ ჩვენებები ძალით მიაცემინეს, სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება. ის მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შევიდა ტერორისტთა სიაში, შესაბამისად, ჩატაევი გახდა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი მებრძოლი“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
კითხვაზე რა ინფორმაციას ეყრდნობოდა სახალხო დამცველი, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ამბობდა, რომ ჩატაევი უნდა გათავისუფლებულიყო, უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ ის ეყრდნობოდა იმ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ჩატაევი, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, მოწვეული იყო როგორც შუამავალი, ლოპოტას ინციდენტთან დაკავშირებით. მას ჰქონდა ლტოლვილის სტატუსი, რომელიც იყო გაცემული ავსტრიის ხელისუფლების მიერ. აქედან გამომდინარე, ის სარგებლობდა იმ დაცვით, რომელიც რამდენჯერმე გამოიყენა, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეშვეობითაც მოხდა მისი დაცვა და მისი ექსტრადიციის მოთხოვნა რამდენჯერმე არ დაკმაყოფილდა“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა.
სპეცოპერაციის დროს სუს-ის ერთი თანამშრომელი დაიღუპა. დაჭრილია სპეცსამსახურის ორი და შსს-ს ორი თანამშრომელი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია.
დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს არ დაშავებულა არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები