ზაალ კასრელიშვილი: სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ პირებს ორი მიზანი ამოძრავებდათ

“კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” პრეზიდენტი ზაალ კასრელიშვილი დარწმუნებულია, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორციელებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირები ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები იყვნენ.

შესაბამისი განცხადება კასრელიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

კასრელიშვილი ვარაუდობს, რომ დაჯგუფების წევრებს ორი მიზანი ამოძრავებდათ.

მისი თქმით, ერთი იყო საქართველოში დაკავებული მათი თანამებრძოლის აიუფ ბორჩაშვილის ციხიდან გათავისუფლება, ხოლო მეორე, – რუსეთში გადასვლა.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საქართველო „ისლამური სახელმწიფოს“ ინტერესი იყო, არის და იქნება, თუმცა, არ იყო სამიზნე. ძალიან დიდი სხვაობაა. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, როგორ მოხვდნენ ეს პირები საქართველოში. ეს იყო ამ კონკრეტული დაჯგუფების კერძო ინიციატივა თუ სისტემის შეკვეთა. თუმცა, მიგვაჩნია, რომ ეს იყო კერძო ინიციატივა, იმიტომ რომ, “ისლამურ სახელმწიფოს“ ახლა მსგავსი რაღაცებისთვის არ სცალია. თუ სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულების თანამოაზრეები მძევლებს აიყვანდნენ, თბილისში ან საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მაშინ ჩავთვლიდით, რომ ეს იყო სისტემის შეკვეთა, თუმცა საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. როდესაც „ისლამურ სახელმწიფოზე“ კოალიციამ შეტევა მიიტანა, ერთიანი ბირთვი ათასეულებად, ასეულებად და ათეულებად დაიშალა. ჩატაევის დაჯგუფება არ იყო მოწინავე პოზიციებზე „ისლამურ სახელმწიფოში, თუმცა არც ისეთი ხელწამოსაკრავი ძალა არ ყოფილა, რომ ვინმეს რაიმე სთხოვოს და შეუთანხმოს, მას შეეძლო დამოუკიდებლად მიეღო ეს გადაწყვეტილება. ჩვენი ვარაუდით და ხელთ არსებული ინფორმაციებით, რომლებიც 11 ქვეყნის კავკასიური დიასპორებიდან მივიღეთ, ამ დაჯგუფებას ჰქონდა ორი მიზანი – ერთი იყო თანამებრძოლ ბორჩაშვილის გათავისუფლება ქართული ციხიდან და მეორე რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლა. რომელიც უფრო იოლად გამოუვიდოდათ იმას განახორციელებდნენ“, -განცხადა კასრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები