სოფო ქაცარავა: მოლოდინია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე საქართველო ინტეგრაციის ახალ პრაქტიკულ მექანიზმებს მიიღებს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავამ განაცხადა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე არსებობს მოლოდინი, საქართველომ ახალი შესაძლებლობების და ინტეგრაციის ახალი პრაქტიკული მექანიზმები მიიღოს.

მისივე თქმით, აღნიშნული მექანიზმები ერთი მხრივ, გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას, ინსტიტუტებს, საზოგადოებას და კავშირებს, ხოლო მეორე მხრივ, ეს პროცესი მეტად აისახება საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე და მათ კეთილდღეობაზე.

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ გასული ორი წლის განმავლობაში საქართველო-ევროკავშირის დაახლოების პროცესი განსაკუთრებით აქტიური და შედეგიანი აღმოჩნდა. ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლა და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება პოზიტიურად აისახა როგორც მთლიანად საქართველოზე, ასევე, ჩვენს მოსახლეობაზე. 2014 წლიდან ჩვენ წარმატებით ვასრულებთ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას, რომელიც ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ასეთი თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკით, საქართველო გახდა ლიდერი ქვეყანა რეგიონში, პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების კუთხით, რაშიც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ევროკავშირის ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას. ასევე, მივესალმები 2 დღის წინ მიღებულ ასოცირების ახალ დღის წესრიგს, რომელიც სრულად ასახავს ჩვენი ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებს და გვაძლევს ახალ შესაძლებლობებს, რომ საქართველო დავაბრუნოთ თავის ევროპულ ოჯახში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამიტის წინა პერიოდში საქართველომ მიიღო მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა ევროპელი პარტნიორებისგან. ამ კუთხით, გამოვყოფდი ევროკომისიის ანგარიშს და ბალტიის ასამბლეისა და ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სადაც დადებითად აისახა ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები და დაფიქსირდა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ, მკაფიო მხარდაჭერა. გვაქვს მოლოდინი, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დღევანდელ სამიტზე, საქართველო მიიღებს ახალ შესაძლებლობებს და ინტეგრაციის ახალ პრაქტიკულ მექანიზმებს, რომელიც, ერთი მხრივ, გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას, ინსტიტუტებს, საზოგადოებას და კავშირებს, ხოლო მეორე მხრივ, ეს პროცესი მეტად აისახება ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე და მათ კეთილდღეობაზე“, – აცხადებს სოფო ქაცარავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები