საქართველოს პარლამენტსა და ბელორუსის რესპუბლიკის ეროვნულ კრებას შორის ერთობლივ განცხადებას მოეწერა ხელი

0

საქართველოს პარლამენტსა და ბელორუსის რესპუბლიკის ეროვნულ კრებას შორის, დღეს, თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოეწერა ხელი.

განცხადებას ხელს ბელორუსში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ბელორუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ მიასნიკოვიჩი და ეროვნული კრების წარმომადგენლეთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკო აწერენ.

დოკუმენტში  სხვადასხვა სფეროში  ბელორუსულ-ქართული ურთიერთქმედების გაღრმავებაზე, აქტიურ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობასა და საპარლამენტო საქმიანობის გამოცდილების გაზიარებაზე, ერთობლივი ღონისძიებების გამართვაზე, რეგიონთაშორისო ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებასა  და საერთაშორისო საპარლამენტო ფორმატებში კავშირების განმტკიცებაზეა საუბარი.

შეთანხმებაში ასევე აღნიშნულია, რომ მხარეები ყოველმხრივ შეუწყობენ ხელს საქართველოს პარლამენტსა და ბელორუსის ეროვნულ კრებაში შექმნილი მეგობრობის ჯგუფების მუშაობას, ასევე, მხარეები მხარს დაუჭერენ მთავრობებს ორმხრივი თანამშრომლობის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის სრულყოფის საკითხებში.

განცხადების მიხედვით, საქართველოს პარლამენტი და ბელორუსის რესპუბლიკის ეროვნული კრება თანხმდებიან, რომ ხელს შეუწყობენ აპარატის თანამშრომლებს შორის პირდაპირ კონტაქტებს საკანონმდებლო ორგანოთა საქმიანობის უზრუნველყოფის სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით.

ბელორუსის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, დოკუმენტი საქართველოსა და ბელორუსს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობასა და ქვეყნებს შორის ურთიერთობის დინამიურ განვითარებაზე მეტყველებს.

„შეთანხმების მთავარი საკითხებია თანამშრომლობა საქართველოს და ბელორუსის პარლამენტებს შორის, რომელიც მრავალმხრივ ურთიერთობას ითვალისწინებს, ასევე, თანამშრომლობას კომიტეტებსა და  მეგობრობის ჯგუფებს შორის, თანამშრომლობა ეკონომიკური, ადამიანური რესურსების გაცვლის მიმართულებით”,- აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბელორუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ მიასნიკოვიჩი და ეროვნული კრების წარმომადგენლეთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკო საქართველოში მოიწვია.

მიხაილ მიასნიკოვიჩის თქმით, ერთობლივი განცხადება ქართულ-ბელორუსული თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

„შევთანხმდით, რომ ჩვენი შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს. დაინტერესებულები ვართ, რომ გავაფართოვოთ ჰუმანიტარული კონტაქტები, ახალგაზრდებს შორის კავშირები, სამეცნიერო-ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო კონტაქტები. პარლამენტარები შექმნიან აუცილებელ, კომფორტულ პირობებს რათა ყველაფერი, რაზეც შევთანხმდით, განხორციელდეს”,- განაცხადა ბელორუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი