დიმიტრი ქუმსიშვილმა და რასიმ ლიაიჩმა საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და სერბეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ მინისტრმა, ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრმა რასიმ ლიაიჩმა შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ” ხელი მოაწერეს.
აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და სერბეთის შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტური გამოყენების მაქსიმალიზაციას და ა.შ.
შეთანხმების შესაბამისად, საქართველოსა და სერბეთს შორის ჩამოყალიბდება ორმხრივი თანამშრომლობის კომისია ორივე ქვეყნის ვიცე-პრემიერების დონეზე. აღნიშნული კომისიის შეკრებაზე განხილული იქნება საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პრიორიტეტული მიმართულებები.
რასიმ ლიაიჩი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მასთან ერთად, საქართველოს ეწვია სერბეთის რესპუბლიკის საჯარო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრი ბრანკო რუზიჩი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სერბეთის მხრიდან პირველად განხორციელდა მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტი.