„თბილისის აბრეშუმის გზის“ რიგით მეორე ფორუმი 28-29 ნოემბერს გაიმართება

0

„თბილისის აბრეშუმის გზის“ რიგით მეორე ფორუმი 28-29 ნოემბერს გაიმართება, რომელშიც მსოფლიოს 50 ქვეყნის 1000-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.

ამ თემაზე დღეს სასტუმრო „ბილტმორში,“ სადაც ფორუმის საორგანიზაციო ჯგუფის სამუშაო შტაბია გახსნილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ბრიფინგი გამართა.  მისი განცხადებით, ღონისძიების მნიშვნელობა ძალიან დიდია და, შესაბამისად, წელს დაინტერესებაც საკმაოდ მაღალია.

„ფორუმზე თხუთმეტზე მეტ მინისტრს ველოდებით, ასევე გვესტუმრებიან მოლდოვისა  და უკრაინის პრემიერ-მინისტრები და სლოვენიის ვიცე პრემიერი. ფორუმზე ჩამოვლენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელი პირები. საერთო ჯამში, ველოდებით 34 ქვეყნის უმაღლეს პირს და მსოფლიოს 50-ზე მეტი  ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენელს“, – განაცხადა გენადი არველაძემ.

მისი თქმით, აბრეშუმის გზის ფორუმზე საქართველოს ცნობიერება აიწევს და ეს მნიშვნელოვანია საინვესტიციო ნაწილში.

„აბრეშუმის გზის ინიციატივა ჩინეთის პრეზიდენტის მიერ არის დაანონსებული და ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ამ ინიციატივას გამოეხმაურა, იყო საქართველო. ჩვენ აღნიშნული ფორუმით ვაგრძელებთ ინიციატივის მხარდაჭერას და ვართ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე რეგიონში, ამ პროექტში ჩართულობის ნაწილში. ფორუმი ასევე ემსახურება ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალის გაზრდას – ჩვენ ველოდებით ამ ნაწილში სხვადასხვა მემორანდუმზე ხელმოწერას, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს სატრანზიტო  შესაძლებლობებს“, – აღნიშნა არველაძემ.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ფორუმი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც  აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონალური ვაჭრობის სფეროში.

ფორუმის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ვაჭრობის ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის განვითარება, ციფრული კავშირი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკის სფეროში რეგიონთაშორისი შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ გახსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ  უცხო ქვეყნის მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები.  გაიმართება მაღალი დონის დისკუსიები. აბრეშუმის გზის ფორუმი 28 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიხსნება, ხოლო 29 ნოემბერს სასტუმრო „ბილტმორში“ გაგრძელდება. ფორუმის ფარგლებში თემატური სესიები და ორმხრივი შეხვედრები გაიმართება.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა – მასში მონაწილეობა მიიღო  34 ქვეყნის ოფიციალური დელეგაციის წევრმა და 50 ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენელმა.

ღონისძიების მნიშვნელობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი