რამდენიმე საათი კომპიუტერის გარეშე – ჟურნალისტები და მათი შვილები სპორტულ აქტივობას შეუერთდნენ
ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის” ორგანიზებით, თბილისის ზოოპარკში ჟურნალისტებისა და მათი შვილებისთვის სპორტული თამაშების წამახალისებელი აქცია ჩატარდა. გაიმართა სხვადასხვა სპორტული თამაშები და შეჯიბრებები.
აქციის მონაწილე მშობლები და შვილები დროებით მოწყდნენ კომპიუტერებს და რამდენიმე საათი სახალისო გარემოში გაატარეს.
როგორც “სითი კვირას” არასამთავრობო ორგანიზაცია “ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის” საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე ლომიძემ განუცხადა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევების თანახმად, ბოლო 4 წელია საქართველო ჩადგა სიმსუქნისკენ მიდრეკილი მოსახლეობით გამორჩეული ქვეყნების მოწინავე რიგებში. განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობაა მოზარდებში. გაცხიმოვნებასთან ერთად ბავშვებში სულ უფრო გახშირდა ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები.
“სამწუხაროდ ბევრი საგანგაშო ნიშანია, რომელიც საჭიროებს ჩვენი საზოგადოების ფიზიკურად გააქტიურებას. სულ არ არის ამისთვის საჭირო სპორტული დარბაზები. თბილისში გვაქვს კუს ტბა, ბოტანიკური ბაღი, ლისის ტბა, სადაც მშობლებს შეუძლიათ შვილებთან ერთად დღეში რამდენიმე საათით, ელემენტარულად ფეხით ისეირნონ, დაგეგმონ სპორტული აქტივობები. გადავწყვიტეთ, რომ ჟურნალისტები და მათი შვილები გამოგვეყვანა გარეთ და შაბათ-კვირა გაეტარებინათ არა ტელევიზორთან, კომპიუტერთან და ინტერნეტში ჩართულებს, არამედ ფიზიკურად აქტიურებს. შეგვეხსენებინა საზოგადოებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, როდესაც მშობლებთან ერთად ატარებს დღის დიდ მონაკვეთს. ამ საკითხში ყველაზე მეტად გვჭირდება ჟურნალისტების მხარდაჭერა, რადგან ისინი ყველაზე უკეთ მიაწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობის შესახებ, ამიტომ აქციაც ჟურნალიტებით დავიწყეთ”,- აცხადებს ეკატერინე ლომიძე.
მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ აქვს მითითება, რომ სკოლებში უნდა გააუმჯობესოს სპორტის სწავლება და რომ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ გაკვეთილების ცხრილში ჩაწერილი საგანი.
თბილისის ზოოპარკში გამართულ აქციაში მონაწილეობით კმაყოფილების დარჩნენ თავად ჟურნალისტებიც და განაცხადეს, რომ მომავალშიც სიამოვნებით შეუერთდებიან მსგავს სახალისო და სასარგებლო წამოწყებას.
“უამრავი ლაბირინთი გავიარეთ, ნამდვილი ექსტრემი. ხან ტომრებით ხტუნაობა, ხან ბეწვის ხიდზე გავლა, ხან მინიშნებები ძიება მარტორქების და სპილოების მიდამოებში. ორგანიზატორებმა ეს დიდი ამბავი ჩემნაირებისთვის – ოფისის გოგოებისთვის და ჩემი შვილებისნაირებისთვის – კომპიუტერის ბავშვებისთვის მოიგონეს. ამ ფორმით ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციის აქცია ჩაატარეს და ამბობენ, რომ ეს დასაწყისია. ვუერთდები ამ სახალისო და სასარგებლო წამოწყებას – ყველანი უნდა გავიდეთ გარეთ! ცოტა მეტი ჰაერი, მოძრაობა და აქტიურობა არ გვაწყენდა! თანაც, ოქროსფერი შემოდგომაა და მზის თბილი სხივების მარაგის შევსებაც შეიძლება”, – აცხადებს ჟურნალისტი, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ “კვირას” მთავარი რედაქტორი ქეთი ხოსიტაშვილი.
ორგანიზაცია “ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი” მსგავს აქტივობებს მომავალშიც განაგრძობს, შემდეგ ჯერზე აქტივობაში პარლამენტარები და მათი შვილები ჩაერთვებიან.
“გვსურს ჩვენი წამოწყება იქცეს რეალურად ცოცხალ მექანიზმად, რომელიც აამუშავებს პრობლემის გადაჭრის რეალურ გზებს და არ გვინდა რომ ეს იყოს ერთჯერადი აქცია. გუშინდელმა დღემ ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია, თუნდაც 2 საათი დაეთმოს რეალურ ფიზიკურ აქტივობას”,- აცხადებენ ორგანიზატორები.

























